რატი იონათამიშვილი ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტს ეხმაურება
„უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ჩვენ აშშ-ის მხრიდან საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერის გაცხადების მომსწრე ვართ“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატი ირაკლი კობახიძეს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას უდასტურებს და საქართველოს სანდო მოკავშირედ ასახელებს.
„ამის თქმის საფუძველს მაძლევს პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობით გამართული მაღალი დონის შეხვედრები, სადაც ამერიკული მხარის მიერ არაერთგზის გაჟღერდა საქართველოს მიმართ მხარდაჭერის გზავნილები, როგორც სახელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ისე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის სენატი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს უდასტურებს მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხებში და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად და სანდო მოკავშირედ ასახელებს.
ამავდროულად, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებული მოლოდინი ნატო-ს სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი გზავნილების მიღების შესახებ. ვფიქრობ, პარლამენტის თავმჯდომარეს ოპტიმისტური მოლოდინის მიზეზი ნამდვილად აქვს საქართველოს მიერ უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესის და ნატო-ში სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული თანმიმდევრული პოლიტიკის გამო. შესაბამისად, მისი მხრიდან ამ მოლოდინის დეკლარირება ზუსტი და დროული იყო ნატოს მოახლოებულ სამიტის წინ“,-აღნიშნა იონათამიშვილმა.