გიორგი კვირიკაშვილი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში საქმიანი ვიზიტით საფრანგეთის მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელი პირები,იმყოფებიან. სასტუმრო „ძველ თბილისში“ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია შეხვდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე ფრანგი ბიზნესმენები საქართველოს მთავრობისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ კომპანიებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის საქართველოში მონაცემთა ბაზის მართვის ცენტრის მშენებლობაზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე, საბაგირო გზების, ასევე ბაკურიანის კურორტის შემდგომი ინფრასტრუქტურის განვითარების თაობაზე და ა.შ. „ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ფორუმის შედეგებით. ახლა დიალოგს სამუშაო ფორმატში ვაგრძელებთ, სადაც უშუალოდ კომპანიების პირველ პირებთან ერთად განვიხილავთ მიმდინარე პროექტებს და მათ წინადადებებს, ასევე იქნება შეთავაზებები ჩვენი მხრიდან. საკითხები ძირითადად ეხება ინფრასტრუქტურულ მიმართულებას, ასევე სოფლის მეურნეობას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მაღალ ტექნოლოგიებს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროში სხვადასხვა პროექტებს. საფრანგეთი ჩვენთვის ძალიან საინტერესო ქვეყანაა. გვინდა, რომ ფრანგულ კომპანიებს საქართველო და მისი ბიზნესშესაძლებლობები მაქსიმალურად გავაცნოთ და ეს გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მიმართულება მათთვის“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები