გრემის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემის XVI საუკუნის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა 8 მაისს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით  მიიღო.
ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა დასავლეთის წაგრძელებული მკლავით (8×5,8 მ). აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში, კარ-სარკმელთა ღიობებში, დეკორზე, ლავგარდნად და გუმბათზე აგურია გამოყენებული.
კარები გარედან თაღოვანია, შიგნიდან არქიტრავული. ჩრდილოეთის კარის ჭრილი ფრონტონისებური გადახურვით სრულდება, დასავლეთის კარი აგურის ჩაღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩამჯდარი. დასავლეთის და სამხრეთის მკლავებში თითო, ხოლო აღმოსავლეთის კედელში სამი ვიწრო და თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთის მხარი ქვის თაროსებრი, დანარჩენი მკლავები კი აგურის ოთხრიგი ლავგარდნით სრულდება.
გუმბათი ექვსკუთხა ცილინდრია. წიბოებზე მარტივი ლილვებია მოცემული, რომელზეც წახნაგის თაღები გადადის. თაღთაშორისი სივრცე დადაბლებულია და თითოეულ მათგანში ვიწრო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. გუმბათი მარტივი ქვის ლავგარდნით სრულდება, რომელზეც კრამიტის სახურავია დაყრდნობილი. დასავლეთის და აღმოსავლეთის მკლავების ფასადის ფრონტონში აგურის წყობით კვარცხლბეკზე აღმართული ჯვარია მოცემული. გუმბათის სარკმელთა ორივე მხარეს ცისფერი ჭიქურით შეღებილი ოთხ-ოთხი მრგვალი აგურია ჩასმული.
აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია.
სამკვეთლო და სადიაკვნე საკურთხეველს შიდა კარით უკავშირდებიან. პასტოფორიუმთა დასავლეთის კარის თავზე, სანიშეებია, რომელთა ზემოთ მარმარილოს ფილებია ჩადგმული. ჩრდილოეთის მკლავის ფილა ძლიერ დაზიანებულია და მასზე შესრულებული ასომთავრული წარწერის მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ასო იკითხება. სამხრეთის მკლავის ფილაზე კი ჯერ კიდევ გაირჩვა რვასტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტები. წარწერა საქტიტორო უნდა იყოს, რომელშიც მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე მიმართვაა. ტექსტის ბოლოში უნდა იხსენიებოდეს ვინმე ზაქარია (ტექსტი წაიკითხა გიორგი გაგოშიძემ).
ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა და შეისრული თაღებით სრულდება. დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია და ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილში შეისრული უბეებია. მკლავების მხრებზე გუმბათის ყელია დაყრდნობილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა თაღოვანი სარკმელია.
ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია ნალესობა.
ტაძრის ინტერიერში ჯორჯაძეების სამარხებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები