ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა – „ჩვენი მეხსიერება“ გაიხსნება

30 ივნისს, 16:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ჩვენი მეხსიერება“გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, შერჩეულია 40-ამდე გამორჩეული ხელნაწერი, რომელთა ხილვაც დამთვალიერებელს მხოლოდ 1 დღით შეეძლება.
„გამოფენის მიზანია, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერებია ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობების მთავარი წყარო -ჰაგიოგრაფიული თხზულებები, მაგალითისათვის „შუშანიკის წამება“, „აბოს მარტვილობა“, „ვეფხისტყაოსნისა“ და „ქართლის ცხოვრების“ უძველესი და სრული ხელნაწერები, თამარ მეფის კუთვნილი სახარება, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი არქივები, პირველნაბეჭდი წიგნები. ეს არის მცირე ნაწილი იმ ხელნაწერი მემკვიდრეობისა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. აქ დაცული ხელნაწერები საშუალებას გვაძლევს, თვალი გავადევნოთ ქვეყნის განვითარების ისტორიას, სხვადასხვა სფეროში ქართველი ადამიანის მიღწევას, აზროვნებას, დამოკიდებულებებს, ცხოვრების წესს“… – განუცხადეს „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები V-XIX საუკუნეებს მოიცავს. შერჩეულ ხელნაწერებს შორისაა: V საუკუნის პალიმფსესტები, ასტროლოგიური ტრაქტატი, ქიმიის წიგნი. ვახუშტი ბატონიშვილის გეოგრაფია, სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონა“, ბერძნული, სომხური, გერმანული, მონღოლური, ოსმალური და სხვა უცხოენოვანი ხელნაწერები, სხვადასხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწის პირადი არქივები და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები