მიშელ უელბეკის ვიზიტი საქართველოში – ფრანგ მწერალს რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს

სასტუმრო „რუმსში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივ პროექტს მიეძღვნა. „Guests of Honour Get Together“ ფარგლებში, საქართველოს, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით, ფრანგ გამომცემელთან ერთად, თბილისს ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ეწვია.
როგორც „კვირას“ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi-ში დაგეგმილია დისკუსია, რომელშიც მიშელ უელბეკთან და არჩილ ქიქოძესთან ერთად ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი მონაწილეობენ.
25 ივნისს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში გაიმართება შეხვედრა ქართველ მკითხველთან, რომელსაც მოდერაციას უელბეკის ქართული გამომცემლობის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ხელმძღვანელი თინათინ მამულაშვილი გაუწევს. ფრანგი სტუმარი დაათვალიერებს თბილისსა და ესტუმრება ყაზბეგს.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტი – Guests of Honour Get Together ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ისტორიაში წელს პირველად განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა აღნიშნული პროექტის ტრადიციად ქცევას აპირებს და ბაზრობის პროგრამაში ყოველწლიურ ხასიათს მიაღებინებს. პროექტის ფარგლებში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა – საქართველო 2017 და 2019 წლების საპატიო სტუმარი ქვეყნების – საფრანგეთისა და ნორვეგიის – მწერლებს მასპინძლობს.
პროექტი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სასტუმრო Rooms Hotels და რუსთაველის თეატრის პარტნიორობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები