შარტავას ქუჩაზე სკვერის კეთილმოწყობა სრულდება

საბურთალოს რაიონს კიდევ ერთი დასასვენებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული სივრცე შეემატა. შარტავას ქ. N18-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
„გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის (GEF SGP) მხარდაჭერით, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სკვერში გამწვანების სამუშაოები ჩატარდა და 150 დეკორატიული მცენარე დაირგო. ასევე, 1000-მდე მცენარით მოეწყო ცოცხალი ღობე“,- აცხადებენ თბილისის მერიაში.
სკვერში მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო და მოსახლეობას ქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოებში ჩართულობისა და თანადგომისკენ მოუწოდა.
„ჩვენი მიზანია, საბურთალოს რაიონში რაც შეიძლება მეტი გამწვანებული, კომფორტული და უსაფრთხო დასასვენებელი ადგილი იყოს. სასიხარულოა, რომ გამგეობის ინიციატივით, ა(ა)იპ „ბავშვი და გარემოსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, საბურთალოზე უკვე მესამე ეზო გამწვანდა და სხვადასხვა სახის ხე-მცენარეებით გალამაზდა. ქალაქის კეთილმოწყობისთვის თითოეული მოქალაქისა და კერძო სექტორის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
საბურთალოს გამგეობის მიერ, სკვერში საბავშვო-გასართობი მოედანი უკვე განახლდა, მოეწყო ფიტნესზონა და სავალი ბილიკები. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, განახლდება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები