„ქსოვილი საქართველოდან” „ევროპა ნოსტრას“ სესიაზე წარადგინეს
21 ივნისს, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, ბერლინში, Allianz Forum-ზე გამართულ სესიაზე (Excellence Fair), საკუთარი პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ წარადგინა.
როგორც „კვირას“ ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, პროექტი ნორვეგიის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიის და ევროპის სხვა ქვეყნების მიერ კულტურული მემკვიდრეობის დარგში წარდგენილ პროექტთა შორის იხილა ევროპულმა საზოგადოებამ.
2018 წელს ევროკომისიამ და „ევროპა ნოსტრამ“ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების – ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის პრიზის – „ევროპა ნოსტრას“ ჯილდოს მფლობელებში ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან” დაასახელეს.
აღნიშნულ პროექტზე მუშაობა ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მან საერთაშორისო აღიარება სამეცნიერო კვლევის ნომინაციაში მოიპოვა.
ჟიურიმ შეაფასა: „პროექტის და თემის ორიგინალურობა, განსაკუთრებით კი გამოყო სამეცნიერო კვლევა კედლის მხატვრობასთან მიმართებაში. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ, სამეცნიერო კვლევა ფართო კონტექსტში განხორციელდა და მის ფარგლებში ხაზი გაესვა განსხვავებულ კულტურათა ურთიერთკავშირებსა და ურთიერთგავლენებს.“
პროექტის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განახორციელა.
მით უფრო მნიშვნელოვანი იყო სამინისტროს მხრიდან ხელშეწყობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კრეატიული ინდურსტრიების განვითარების კუთხით. პროქეტი ასევე ითვალისწინებს, სამინისტროს მხარდაჭერით ქართული ქსოვილის სახელოსნოს დაფუძვნებასა და მის საქმიანობის ხელშეწყობას, რომელიც ისტორიული ფრესკის მიხედვით აღდგენილი ქსოვილის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.