„ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“ – გამოფენა გაიხსნება

28 ივნისს, 18:00 საათზე, ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, გაიხსნება გამოფენა: „ბერტა ფონ ზუტნერი – ავსტრიელი ნობელიანტი ქალი მშვიდობის დარგში – ცხოვრება საქართველოში“.
ცნობილი ავსტრიელი მწერალი ბერტა ფონ ზუტნერი იყო პირველი ქალი, რომელმაც 1905 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღო.
ავსტრიელი მწერალი ქალი ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ახლო მეგობარი იყო. იგი საქართველოს 1876 წელს, არტურ ფონ ზუტნერთან საიდუმლო ქორწინების შემდეგ, მეუღლესთან ერთად ესტუმრა. წყვილი საქართველოში – ზუგდიდში, ქუთაისს და თბილისში – 9 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ისინი წერდნენ წიგნებს, ეწეოდნენ პედაგოგიურ საქმიანობას – ასწავლიდნენ უცხო ენებსა და მუსიკას.
ბერტა ფონ ზუტნერს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა რომანმა „ძირს იარაღი“, რომელიც 1889 წელს გამოიცა.
გამოფენის მიზანია მშვიდობის დარგში მწერალი ქალის მოღვაწეობისა და საქართველოში მისი ცხოვრების პერიოდის გახსენება და ქართულ-ავსტრიული მეგობრული ურთიერთობების ხაზგასმა.
გამოფენა, რომელიც  8 ივლისამდე გაგრძელდება, საქართველოში ავსტრიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები