23 ივნისიდან თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი იწყება

თბილისის ბალეტის ფესტივალის დაწყების წინ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სარკეებიან დარბაზში პრესკონფერნცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმზღვანელი ნინო ანანიაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ქალაქ თბილისის ვიცე-მერი სოფიო ხუნწარია, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა, საქართველოში იტალიის საელჩოს კულტურული ატაშე ნინო კილოსანიძე, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, ქორეოგრაფი მედი ვალერსკი.
თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისიდან 1 ივლისამდე  ჩატარდება.
საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. წელს ფესტივალი მეორედ ტარდება. ფესტივალის ფარგლებში სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. საბალეტო ფესტივალში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასთან და ორკესტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასები: Spellbound Contemporary Ballet (იტალია), ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2).
თბილისს ეწვევა ამერიკული ბალეტის ვარსკვლავი მარსელო გომესი, რომელიც 26 ივნისს „რომეო და ჯულიეტაში“ პარტნიორობას გაუწევს პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილს. თბილისში პირველად ჩამოდის Spellbound Contemporary Ballet იტალიიდან. მათ პროგრამაშია მაურო ასტოლფის ქორეოგრაფია – Formami და Rossini Ouvertures. იტალიური დასის წარმოდგენებს მაყურებელი 23-24 ივნისს, ცნობილი ფრანგი ქორეოგრაფის მედი ვალერსკის ბალეტებთან Orawa და Petite Cérémonie ერთად ნახავს.
საქართველოს მეორედ ეწვევა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 (NDT 2), რომელიც, 28 და 29 ივნისს, ორი განსხვავებული პროგრამით წარდგება ფესტივალის მაყურებლის წინაშე. ფესტივალს კი დახურავს „მძინარე მზეთუნახავი“. გალაპერფორმანსში თბილისის ოპერისა და ბალეტის საბალეტო დასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ მარსელო გომესი და პარიზის ნაციონალური ბალეტის სოლისტები ამანდინ ალბისონი, ჟერემი ლუ კერი. სპექტაკლებს უდირიჟორებს ალევტინა იოფე (რუსეთი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები