„და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები“ – 20 ივნისს ჰამლეტ გონაშვილი დაიბადა
„საქართველოს ბულბული“ და უნიკალური ხმის პატრონი ჰამლეტ გონაშვილი დღეს 90 წლის გახდებოდა. იგი 1928 წელს სოფელ ანაგაში დაიბადა.
იგი იყო ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრი, 1969 წლიდან კი, ფოლკლორულ ანსამბლ „რუსთავში“ მღეროდა.
მას უნიკალური ტემბრი ჰქონდა. რეპერტუარიდან განსაკუთრებით გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“ და სხვა.
ჰამლეტ გონაშვილი მშობლიურ სოფელ ანაგაში უბედურმა შემთხვევამ 57 წლის ასაკში იმსხვერპლა.
გთავაზობთ მისი უახლოესი მეგობრის, თემურ ჩალაბაშვილის ლექსს, რომელიც მან ჰამლეტ გონაშვილს მიუძღვნა:
ჰამლეტ გონაშვილს
შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს“
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები!
კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები,
როგორც ჩანჩქერი კლდიდან ვარდნილი
და არწივული შენი თვალებით
მეხატებოდა წინ ავთანდილი…
…მღეროდი რაღაც სულ სხვა თილისმით,
თითქოს სიმღერით ტაძარს ხატავდი,
თავზე გეხურა ზეცა თბილისის,
რომლის მიწაზეც ამოთავთავდი!
დაიგვიანეს, მაგრამ სალამურს
ყური მოჰკრეს და აღარ დარდობენ
და ის პატარა მწყემსი ბიჭები
კახეთის მთებში დანავარდობენ.
შენ წამოიწყე ,,დაიგვიანეს“
და შუბლზე გაჩნდნენ ოშკის ბზარები,
იქნებ, ე, მაგ ყელს ერთად ხატავდნენ
ბექა და ბეშქენ ოპიზარები.