საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა
საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში” საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ფორუმს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საფრანგეთის საელჩო, საფრანგეთის საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა და საქართველოს თანაინვესტირების ფონდი უწევენ. ფორუმში როგორც ქართული, ისე ფრანგული მხრიდან საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფორუმის მომხსენებლებს შორის არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.
“ფორუმის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმრები არიან: საფრანგეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საფრანგეთის პრეზიდენტს თან ახლავს ფრანგი ბიზნესმენები. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მათ გავაცნოთ საქართველოს ბიზნესის შესაძლებობები. ის ციფრები, რაც არსებობს საფრანგეთიდან საქართველოში ინვესტიციებისა და ვაჭრობის მხრივ ძალიან დაბალია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი ამისა არის ის, რომ ფრანგმა ბიზნესმენებმა არ იციან, რა ხდება საქართველოში. ისინი ზოგადად რეგიონს უყურებენ, რომ ის საკმაოდ არასტაბილურია, მით უმეტეს – ახლა. ჩვენი მიზანია, მათ დავანახოთ, რომ საქართველო საკმაოდ სტაბილურია და კარგი ადგილია ბიზნესის საკეთებლად”, – განაცხადა საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ორი შეთანხმების ხელმოწერა. პირველი, საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის საქართველოში საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ეკონომიკური ხელშეწყობისა და განვითარების საზოგადოების დაფუძნების საქმიანობის შესახებ შეთანხმებაა, ხოლო მეორე – ფინანსური პროტოკოლი საქართველოს მთავრობას და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჭიათურის მუნიციპალიტეტის საბაგირო გზების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნულ შეთანხმებებს საფრანგეთის მთავრობის სახელით ხელს მოაწერენ საგარეო ვაჭრობის, ტურიზმის ხელშეწყობისა და ფრანგული დიასპორის საკითხებში საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანი ფლერპელერინი, ხოლო საქართველოს მთავრობის სახელით ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.