ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტი იყო არასერიოზული თავის განცხადებაში

„ის არ იყო მკაცრი, ის იყო არასერიოზული თავის განცხადებაში – არასერიოზულ განცხადებებზე, ბუნებრივია, არ შეიძლება სერიოზული კომენტარის გაკეთება”, – ასე შეაფასა შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
„ ამაზე მართლა გული მტკივა, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც არის კონსტიტუციის თანახმად გარანტი რაღაცეების, გარანტი, მათ შორის კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ის ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება”,- განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საპარლამენტო დემოკრატიაში მთავრობის ცვლილება ჯანსაღი მოვლენაა. მისი თქმით, მთავარია, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ქვეყნის წინსვლა გრძელდება.
„ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთვის. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პირობებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. ჩვენ, გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალური პროცესი. მთავრია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლიდან მოყოლებული, გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა ყველა მიმართულებით. დემოკრატიის კუთხით ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ამ ექვსი წლის განმავლობაში. გახსოვთ რა სიტუაცია იყო 2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ. ეკონომიკური კუთხით გვაქვს ძალიან სერიოზული მაჩვენებლები. გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი რეგიონის მასშტაბით ეკონომიკის თვალსაზრისით. ასევე, სოციალურ მხარეს რაც შეეხება, გახსოვთ რა ცვლილებები განხორციელდა ჯანდაცვის სისტემაში. ზოგადად, სოციალურ სისტემაში. რამდენად გაიზარდა ამ სფეროს დაფინანსება ბიუჯეტიდან და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. ჩვენ გამოვირჩევით სტაბილურობის და უსაფრთხოების მაღალი ხარისხით და ეს ფუნდამენტური წინსვლა განსაკუთრებით საგრძნობია 2008 წლის მოვლენების ფონზე. ყველა მიმართულებით „ქართული ოცნება” უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ეს განვითარება არის უზრუნველყოფილი სხვადასხვა მთავრობის პირობებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და ახალი სამთავრობო გუნდის ჩამოყალიბების საკითხს დღეს საპარლამენტო უმრავლესობა განიხილავს. მისივე თქმით, მთავარია, რომ შენარჩუნდეს მიღწევები და მთლიანად გამოსწორდეს ის გარკვეული ხარვეზები, რაც მმართველი გუნდის საქმიანობაში იყო.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავრობის ცვლილება, ეს არის ნორმალური მოვლენა საპარლამენტო დემოკრატიაში. ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ. ჩამოყალიბდება ახალი მთავრობა. დღეს შეიკრიბება საპარლამენტო უმრავლესობა, სადაც განიხილება ახალი კანდიდატის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის საკითხი, შესაბამისად, განიხილება ასევე ახალი სამთავრობო გუნდის საკითხი. ჩამოყალიბდება სამთავრობო გუნდი და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება, ჩვენთვის მთავარია, რომ ის მიღწევები, რაც გვაქვს, შევინარჩუნოთ და ის გარკვეული ხარვეზები, რაც იყო გუნდის საქმიანობაში, მთლიანად გამოვასწოროთ. ეს არის ჩვენი ამოცანა და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ახალი სამთავრობო გუნდის პირობებში”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის.
„ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მჭიდრო კომუნიკაციის და თანამშრომლობის არსებობა პარლამენტსა და მთავრობას შორის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ამ სულისკვეთებაზე იქნება აგებული ურთიერთობები პარლამენტსა და ახალ მთავრობას შორის”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები