ირაკლი კობახიძე: საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება

„მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ – ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნული კონფერენცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ყოველწლიურად იმკვიდრებს ადგილს მსოფლიოს დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის. მისივე განცხადებით სიმბოლურია, რომ შეხვედრის ადგილია ბათუმი, აჭარა, სადაც ქვეყნის განვითარება და მაჯისცემა ყველაზე თვალსაჩინოა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოთი დაინტერესება ევროპაში, დასავლეთში და მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. ჩვენ ორგანულად ვართ ჩართულნი არა მარტო ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის, არამედ საერთაშორისო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და მადლობა გადაუხადა კონფერენციის უცხოელ მონაწილეებს, რომლებიც, მისი თქმით, ჩვენი რეგიონის აწმყოთი და მომავლით არიან დაინტერესებულნი.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება და რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის ამ გამოწვევის წინაშე. ჩვენ მხარს გვიჭერს მსოფლიოს დემოკრატიული ნაწილი, რაც გვაძლევს იმედს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ არა მხოლოდ ეროვნული, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით გადაჭრას და მყარი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას.

მინდა, ხაზი გავუსვა რეგიონული უსაფრთხოების რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს.
უპირველს ყოვლისა, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო მყარი, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტიაა. დღეს შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ სწორედ ამ მიმართულებით გადადგა ყველაზე გამართლებული ნაბიჯები. საქართველოს დემოკრატიული პროგრესი ფართოდაა აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა, მედია თავისუფლების პატივისცემა ქვეყნის და საზოგადოებისთვის ჩვეული და ნორმალური მოვლენა გახდა. ამ პროცესში განუზომელია საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების დახმარების როლი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, პარლამენტის მიერ დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. „პარლამენტის მიერ წელს დამტკიცებულმა საქართველოს კონსტიტუციის ახალმა რედაქციამ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება შეუქცევად პროცესად აქცია. ამოქმედების შემდეგ, ახალი კონსტიტუცია იქნება ხელისუფლებაში ძალაუფლების გაწონასწორებისა და ურთიერშეკავების, დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტია. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით ევროინტეგრაცია საქართველოს საკონსტიტუციო მნიშვნელობის ამოცანად განისაზღვრა. კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რაც ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს კიდევ უფრო აძლიერებს და მყარ სამართლებრივ, შეიძლება ითქვას, ისტორიულ საფუძველს უქმნის. სიმბოლურია, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი, ევროპული ტიპის დახვეწილი რედაქციის მიღება დაემთხვა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის საუკუნოვან იუბილეს”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მეორე მნიშვნელოვან განზომილებად პარლამენტის თავმჯდომარემ რეგიონული თანამშრომლობა დაასახელა. მისი შეფასებით, გულწრფელი, მჭიდრო, კონსენსუსზე და მშვიდობიან განვითარებაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა პოზიციების დაახლოებისა და დაძაბულობების თავიდან არიდების საუკეთესო საშუალებაა. ამ მიმართულებით კი, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. „განუზომელია საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საკანონმდებლო ორგანოების დონეზე პარტნიორული დიალოგის წარმოებით შესაძლებელი ხდება ქვეყნებს შორის ნდობის ამაღლება და კავშირების განმტკიცება. საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო აქტიურობა მშვიდობისა და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობისკენაა მიმართული. ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობა საქართველოს ეროვნულ და რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება”,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველო-უკრაინა-მოლდოვას საპარლამენტო ასამბლეის შექმნას მოეწერა ხელი და ეს ძალისხმევა საერთო მიზნისკენ არის მიმართული. „რამდენიმე დღის წინ ხელი მოვაწერეთ ერთობლივი საპარლამენტო ასამბლეის შექმნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ეს ძალისხმევა მიმართულია საერთო მიზნისაკენ, რომ რეგიონის დემოკრატიულმა ქვეყნებმა ერთობლივად მოახერხონ რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საკითხებში ჩვენი დასავლელი პარტნიორების უფრო მეტი და ეფექტური ჩართულობა და ევროკავშირში ინტეგრაცია. საკანონმდებლო ორგანოები ხალხის მისწრაფებებს ყველაზე უკეთ და პირდაპირ გამოხატავენ. ამიტომ, ჩვენი პარლამენტების მიერ დასავლეთისაკენ გადებული ხიდები პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების სახალხო წარმომადგენლობებს და ჩვენ საერთო მისწრაფებებს გამოხატავს”,- მიმართა კონფერენციის მონაწილეებს პარლამენტის თავმჯდომარემ. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის უფლებები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედია მეტი დემოკრატია, ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატოსკენ. „საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა.
არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკულმა სიკვდილმა კარგად გვიჩვენა, რომ გაყინული კონფლიქტები არ არსებობს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიცოცხლე დაუცველია და ადამიანის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა. აუცილებელია კონფლიქტების გადაჭრა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული სუვერენიტეტის სრული აღდგენით და ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების დაბრუნებით საერთო დემოკრატიულ სახელმწიფოში. მეტი დემოკრატია, უფრო ეფექტური რეგიონული თანამშრომლობა და უფრო აქტიური სვლა ევროკავშირისა და ნატო-საკენ – ეს ფორმულა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ქვაკუთხედი.
ვიმედოვნებ, რომ ეს საერთაშორისო კონფერენცია კარგი შესაძლებლობა იქნება იმისა, რომ საინტერესო, სიღრმისეული და პროდუქტიული დისკუსია გაიმართოს ამ საკითხებთან დაკავშირებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა, კრისტიან დანიელსონმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები