აგრარულ საკითხთა კომიტეტმა „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ” საერთაშორისო კონვენციას მხარი დაუჭირა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა, საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის შესახებ” საერთაშორისო კონვენცია განიხილა.

საკითხი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა გამოიტანა და კომიტეტის წევრებს კონვენციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, სარატიფიკაციო დოკუმენტი წარმოდგენილია შესწორებული რედაქციით და ცნობილია ე.წ. კიოტოს კონვენციის სახელწოდებით, რომელიც 2006 წლის 3 თებერვალს შევიდა ძალაში.

„ეს კონვენცია ერთგვარად აწესებს საერთაშორისო სტანდარტებს საბაჟო რეგულაციებთან მიმართებაში, თუ როგორ უნდა განხორციელდეს საბაჟო პროცედურები. აღნიშნულ დოკუმენტს მიერთებულია 112 სახელმწიფო და შესაბამისად, მისი რატიფიცირების შემდეგ, ჩვენ გავხდებით 113-ე ქვეყანა, რომელიც აღიარებს ზოგად პრინციპებს, ზოგად ჩარჩოს საბაჟო პროცედურებისა და ამ დოკუმენტზეა დაფუძნებული საბაჟო კანონმდებლობა ამ ქვეყნებში”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ კონვენციასთან მიერთებით, მნიშვნელოვან განაცხადს გააკეთებს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საბაჟო პროცედურები სრულად შესაბამისობაში იქნება, უკვე აღიარებულად საერთაშორისო მსგავსი ტიპის სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დაგვეხმარება უცხოურ ინვესტიციებთან მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორისთვის ძალიან კარგად არის აღნიშნული საბაჟო პროცედურები და შესაბამისად, ნაცნობი თამაშის წესები ყველასთვის მისაღებია.

როგორც სხდომაზე ითქვა, აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების წამახალისებელი ფაქტორია. კონვენციასთან მიერთება საშუალებას იძლევა, რომ საქართველომ, როგორც ხელშემკვრელმა მხარემ, მონაწილეობა მიიღოს კონვენციის 112 ხელშემკვრელი მხარისთვის სამართლებრივად სავალდებულო სტანდარტების შემდგომ შემუშავება/განახლების პროცესში. იგი ორმხრივი და მრავალმხრივი ვაჭრობის შესახებ სამომავლო მოლაპარაკებების წარმოებისას მნიშვნელოვნად ამარტივებს საბაჟოსთან დაკავშირებულ დებულებებზე შეთანხმების მიღწევის პროცესს და ა.შ.

დასასრულ, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ საკითხს და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად მის გატანას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები