ჰააგაში „სუხიშვილების“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა
ჰააგაში, თეატრში „Diligentia“, ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართა.
კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნებოდა.
ნიდერლანდების სამეფოში „სუხიშვილებმა“ 90-იანი წლების შემდეგ პირველად იცეკვეს. კონცერტს 400-მდე სტუმარი დაესწრო. მათ შორის, ნიდერლანდების სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნეს სექტორის, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს, მედიის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
კონცერტის დასრულების შემდეგ საქართველოს საელჩოს სახელით გაიმართა საზეიმო მიღება, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული კერძები და ღვინო.
კონცერტი საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.