ხოსპიოს ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოსპიოში მდებარე XIV-XV სს-ის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 18 აპრილს ბრძანებით მიიღო.
დარბაზული ეკლესია დგას სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. ნაგებია ნათალი სხვადასხვა ფერის ბაზალტის კვადრებით. დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. აღმოსავლეთიდან მიმჯდარია მიწის ფერდობზე. გარედან არქიტრავული და შიგნიდან თაღოვანი კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის კედლებში თითო სარკმელია გაჭრილი. სარკმელები გარედან სწორკუთხაა, შიგნიდან თაღოვანი. კედლები თაროსებრი ლავგარდნითაა დასრულებული. გადახურულია თუნუქით. კედლები სადაა და მოკლებულია ყოველგვარ ორნამენტს.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე გარეთკენ შევიწროვებული თაღოვანი სარკმელია. საკურთხეველი მოგვიანებით ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კედლებს დაბლა საფეხური შემოუყვება.
ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია გვიანი პერიოდის მინაშენი, რომლის კვალი შედარებით კარგად იკითხებოდა 1979 წ. იქვე შუა საუკუნეების სასაფლაოა, რომლიდანაც შემორჩენილია რამდენიმე რელიეფური საფლავის ქვა.
ხოსპიოს ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები (დეკორატიული თაღები, თაღოვანი სარკმელები).