სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების მიზნით ტრენინგი მიმდინარეობს

მედიაცია სისხლის სამართალში – ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაზე“ მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის, იურისტებისა და ფსიქოლოგებისთვის ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგებს უძღვებიან EU4Justoce პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რანდელ ბაროუზი და სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი რენატე ვინტერი.  შეხვედრაზე ტრენერები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორიცაა აღდგენითი მართლმსაჯულების კონცეფცია, ევროპის ქვეყნების გამოცდილება, სისხლის სამართლის მედიაცია, სისხლის სამართლის მედიაციის განვითარების კონცეფცია. საქართველოს გამოცდილების შესახებ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ განრიდებისა და მედიაციის სამმართველოს უფროსი ლადო ჯავახიშვილი ისაუბრებს. ტრენინგის მიზანია მოამზადოს სოციალური მუშაკები სისხლის სამართლის მედიაციის ახალი პროგრამისთვის, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ მოამზადებს და უახლოეს მომავალში დანერგავს.

სიახლის მნიშვნელობის შესახებ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა თათია ხოჭოლავამ ისაუბრა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებს მედიაცია დამატებით სერვისად მიეწოდებათ, რომლის მიზანიც იქნება როგორც ბენეფიციარის, ისე მის მიერ დაზარალებულის ინტერესების გათვალისწინება. „სისხლის სამართლის მედიაციის განვითარება კიდევ უფრო  დაეხმარება ცენტრის ბენეფიციარ ყოფილ პატიმრებს რესოციალიზაციის პროცესში, ხელი შეეწყობათ მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში, შემცირდება კონფლიქტის რისკები დაზარალებულთან და ამავდროულად, მაქსიმალურად დაცული იქნება დაზარალებულის ინტერესები ამ პროცესში”, განაცხადა თათია ხოჭოლავამ. ტრენინგი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში  ევროკავშირის პროექტის EU4Justice მხარდაჭერით ტარდება.

როგორც ცნობილია, 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა, რომელსაც სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს.  მისი მიზანი სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობაა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს თანადგომა. პროგრამის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა.  აღსანიშნავია, ასევე რომ მედიაცია, როგორც აღდგენითი მართლმსაჯულების საუკეთესო ინსტრუმენტი, სსიპ “დანაშაულის პრევენციის ცენტრის” საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ცენტრი აქტიურად მუშაობს მედიაციის განვითარებასა და დანერგვაზე. 2014 წლიდან ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს მედიაციის სახლი, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მედიაციის შეხვედრების ჩასატარებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები