მამუკა ბახტაძე: ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება

„ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განმარტა, ლომბარდები საქართველოში გადაიქცა გარკვეულწილად ჭარბვალიანობის მთავარ პრობლემად.
მისივე თქმით, უფრო მეტიც, არის შემთხვევები, როდესაც ის გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყაროც.

„ახალი რეგულაციის ამოქმედება მაისშივე უნდა მოხდეს. აქედან გამომდინარე, ის თამაშის წესები, რომელზეც მე ვსაუბრობ, აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც და ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს კონსულტაციები და ჩემი აზრით, ლომბარდებში უნდა აიკრძალოს როგორც ავტომობილების, ასევე უძრავი ქონების ე.წ. დალომბარდება“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, რეგულაციების არარსებობამ წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსადა მოქალაქეებს შორის.
„აქაც სიმართლე გითხრათ, ძალიან დაბალი დონის არგუმენტაცია მოვისმინეთ ჩვენი ოპონენტებისგან, რომ თურმე ამ შემთხვევაში, თუ ლომბარდებს ავტომობილების დალომბარდების უფლება არ ექნებათ, ადამიანებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის დაწყების სურვილი, სასტარტო კაპიტალზე წვდომა შეეზღუდებათ. თქვენ რომელი წარმატებული ბიზნესპროექტი იცით, რომლის სასტარტო წყარო იყო ლომბარდში ჩადებული ავტომობილი. ეს ასე არ არის. სამწუხაროდ, იმ რეგულაციების არარსებობამ, რაზეც მე ვსაუბრობ, წაახალისა არაჯანსაღი ურთიერთობები ლომბარდებსა და ჩვენს მოქალაქეებს შორის, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რაც შეეხება ავტომობილისა და უძრავი ქონების დალომბარდება“, – აღნიშნა ბახტაძემ.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდების საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.
„ჩემი აზრით, ლომბარდებს უნდა აეკრძალოთ როგორც მანქანების, ასევე უძრავი ქონების მიღება. მათი საქმიანობის სფერო უნდა იყოს მკაცრად განსაზღვრული და არ უნდა მოიცავდეს ე.წ. რეგისტრირებულ ქონებას, რომელშიც მე ვგულისხმობ ავტომობილებსა და უძრავ ქონებას. ბუნებრივია, ის საპროცენტო ჭერი და მაქსიმალური ზღვარი, რომელიც დაწესდება, ეს შეეხება ყველას. ყველა იურიდიულ პირს, რომელიც დასაქმებულია ფინანსურ სექტორში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები