“სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ პირთათვის სავაჭრო-ეკონომიკურ ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფის და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გაფართოების მიზნით, ახალი სტატუს-ნეიტრალური მექანიზმი იქმნება განაცხადა, რომ ამ ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს.
მისივე თქმით, ახალგაზრდებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შესაძლებლობა ექნებათ ხარისხიანი განათლება მიიღონ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. “ჩვენი სამშვიდობო ინიციატივის შემდეგ, მავთულხლართებით დაშორებული ბევრი ადამიანი ჩამოართმევს ხელს ერთმანეთს. ახალგაზრდებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან შეეძლებათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. იქმნება ახალი შესაძლებლობები ვაჭრობისთვის და შეღავათები ერთობლივი ბიზნეს-პროექტებისთვის. ჩვენი საკანონმდებლო რეგულაციით და კონტროლით, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მცირე მეწარმეებს შეეძლებათ ისარგებლონ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით გათვალისწინებული პრივილეგიებით, მათ შორის ევროკავშირში. მათთვის ხელმისაწვდომი ხდება ასევე სამოქალაქო აქტების გაცემის და რეგისტრაციის სერვისები”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ცვლილება ცხრა კანონში ხორციელდება, პარლამენტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები