მამუკა მდინარაძე: ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ფრაქციის მდივანი ნინო წილოსანი და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი დღეს, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის №1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს შეხვდნენ.
შეხვედრა, ძირითადად, ბულინგის თემას დაეთმო, თუმცა ყურადღება ახალგაზრდებისათვის საინტერესო სხვა თემებზეც გამახვილდა, როგორც ზოგად პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე სკოლებში მანდატურის სამსახურზე, ნარკოტიკების თემაზე და ა.შ.
 შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე კანონმდებლებისაგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.
 „მრავალ თემაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო ბულინგი და მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო შეხედულებები აქვთ ამასთან დაკავშირებით. ძალიან ხშირად პოლიტიკოსებმა რომ გავითვალისწინოთ ამ ასაკის ბავშვებიდან წამოსული წინადადებებიც და მათი აზრებიც კი, ძალიან კარგია, ვინაიდან ყველაზე ბუნებრივად ეს მოზარდები აწყდებიან იმ პრობლემებს, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის საზოგადოებაში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული დისკუსიაში ყველა ასაკის ადამიანი, ყველა ასაკის ადამიანის ნააზრევი მოვისმინოთ, რომ მსგავსი ტიპის პრობლემები უკეთესად, უფრო ღრმად შევისწავლოთ და გადაწყვეტილების უკეთესი გზები და ფორმები ვიპოვოთ“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ მამუკა მდინარაძემ.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობის გაძლიერებას და გააქტიურებას აპირებს: „ამ ასაკის ადამიანებში არის ყველაზე ახლებური, სწორი, ეროვნული აზროვნების პოტენციალი და, შესაბამისად, გარკვეულ ტრადიციასაც დავნერგავთ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ფრაქციის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები