სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა, კომიტეტის წევრებთან ერთად, ბულგარეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ჯემა გროჟდანოვას ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით, საქართველოში იმყოფება.

შეხვედრაზე მხარეებმა  ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები და კომიტეტთაშორისი კავშირები განიხილეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და საგარეო კურსის მიზნებსა და მათი მიღწევის გზებზე, ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ევროატლანტიკური ინსტიტუტების წევრობასა და ამ მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე.

შეხვედრაზე განიხილეს ბულგარეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტები და დღის წესრიგი, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები და ის ინსტრუმენტები, რაც ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოსთვის.

სოფიო ქაცარავამ ხაზი გაუსვა საქართველოს როლს გლობალური უსაფრთხოების სფეროში და ნატო-ში მომავალ წევრობას, როგორც დამსახურებულ აღიარებას. კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ნატო-ს სამიტზე სათანადოდ შეფასდება საქართველოს წვლილი უსაფრთოხებისა და მშვიდობის დამყარების სფეროში და სამიტი  საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება.

„სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატიული განვითარება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, რისთვისაც საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და განამტკიცებს საგარეო კურსს”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

„საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრირებისთვის  საგულისხმო რეფორმებს  ატარებს და ეს სასიხარულოა ქართველი ხალხისთვის, ეს თქვენი არჩევანია და ამ არჩევნისკენ სწორ გზაზე დგახართ”- განაცხადა ჯემა გროჟდანოვამ.

შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, გიორგი ხატიძე და ადა მარშანია ესწრებოდნენ, სოფიო ქაცარავამ ბულგარელ კოლეგას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში არსებული მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები