ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ოპოზიციას ეკონომიკაში მიღწეული წარმატებები შეახსენა

“თუ რომელიმე მიმართულებით საქართველომ ბოლო დროს წარმატებას მიაღწია, ერთ-ერთი ეკონომიკაა”, – ასე გამოხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე,  ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის პლენარულ სესიაზე  ოპოზიციის წარმომადგენლების კრიტიკას, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვას მოჰყვა.

ირაკლი კოვზანაძემ  საკუთარ გამოსვლაში  ბოლო  სტატისტიკური მონაცემები გააანალიზა და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მშპ-ის ზრდამ მარტში 5,6%, ხოლო პირველ კვარტალში – 5,2% შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 4,5%-იან ზრდაზე იყო დაგეგმილი.

„მინდა, გაგაცნოთ  ბიუჯეტის შესრულების ტემპებიც. კერძოდ,  მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა გეგმას 221 მილიონი ლარით გადააჭარბა, რაც ნამდვილად  კარგი  მაჩვენებელია“, – განაცხადა მან.

ირაკლი კოვზანაძემ ინფლაციური წნეხის შესუსტებაზეც გაამახვილა ყურადღება.  მისი თქმით, გასულ წელს საქართველოს მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეული საკითხი იყო ფასების ზრდა.  წელს, მარტსა და აპრილში, დეფლაცია დაფიქსირდა; ინფლაციის წლიურმა დონემ გასულ თვეს 2,5% შეადგინა, ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელი კი 2018  წელს 3%-ია.

„მინდა აღვნიშნო აგრეთვე, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი გასულ წელს შემცირდა 12%-იდან 8%-მდე,  ანუ, ეს მაჩვენებელი, თითქმის, 530 მილიონი დოლარით გაუმჯობესდა, რამაც, თავის მხრივ, დადებითი გავლენა მოახდინა ქართული ლარის სტაბილურობაზე“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ  თავის გამოსვლაში ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება და გასულ წელს დანერგილ ესტონურ მოდელს რევოლუციური უწოდა. მისი თქმით, საგადასახადო შეღავათის შედეგად ქართულ ბიზნესს ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის საინვესტიციო რესურსი დარჩა, რამაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას ხელი შეუწყო.

„ერთობლივი რეფორმები, რომლებზეც მუშაობდა და მუშაობს საქართველოს მთავრობა, პარლამენტი და ეროვნული ბანკი, ეს იქნება დეპოზიტების დაზღვევა, კაპიტალის ბაზრისა თუ საპენსიო რეფორმები, ემსახურება საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას“, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ პლენარულ სესიაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები