მამუკა ბახტაძე: აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ბანკმა საქართველოში თავისი პორტფელი  გააფართოვოს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ შეხვედრაზე, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ქალაქ მანილაში გაიმართა, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა. ADB არის ერთ-ერთი მსხვილი დონორი ორგანიზაცია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველწლიურად, დაახლოებით, 250 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება ბანკის მეშვეობით საქართველოს ინფრასტრუქტურაში. ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ აზიის განვითარების ბანკმა გააფართოვოს თავისი პორტფელი საქართველოში, რათა შევძლოთ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მისასალმებელია ის გარემოება, რომ აზიის განვითარების ბანკი მონაწილეობს ჩვენს სხვა რეფორმებში, როგორიცაა: კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა, საპენსიო და განათლების რეფორმა. შემდეგი ორი დღის განმავლობაში, გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან და ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც უნდა გავატაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრი 2007 წლიდან არის. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში, ძირითადად, ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ADB-ის მხრიდან ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.

დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა შეადგენს, დაახლოებით, 2.4 მილიარდ აშშ დოლარს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები