მამუკა ბახტაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ფილიპინებში გაემგზავრა, სადაც 3-6 მაისს, ქალაქ მანილაში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 51-ე წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.
წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან. დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წლიურ შეხვედრაზე და ბიზნესფორუმზე.
ვიზიტის ფარგლებში შედგება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები როგორც კოლეგებთან, ისე სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.
საქართველო აზიის განვითარების ბანკის წევრია 2007 წლიდან. ADB-ის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. სახელმწიფო სექტორში ძირითადად ფინანსდება ინფრასტრუქტურული პროექტები: გზების, ენერგეტიკის, წყლის/წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობის მიმართულებით და სხვადასხვა მუნიციპალური პროექტები. ფინანსდება აგრეთვე მთავრობის რეფორმების მხარდამჭერი პროგრამები.
დღეის მდგომარეობით, ADB-ის მიერ საქართველოსათვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა დაახლოებით 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.