გიორგი კვირიკაშვილი ბიზნეს-ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის სამეურვეო საბჭოს წევრებთან საქმიანი სადილი გამართა. სადილს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი, მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი და ბიზნეს ომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ რეფორმებზე, ასევე მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე, მათ შორის, წარმოების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, აგროსექტორის და ენერგეტიკის კუთხით. გიორგი კვირიკაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო პროექტები, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ბიზნესის სტიმულირების საქმეში მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ.
გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა მთავრობის სამოქმედო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყნის მთავარ სავაჭრო პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების გაღრმავებისკენ. ვიცე-პრემიერმა ასევე გაამახვილა ყურადღება საქართველოში საფონდო ბაზრის განვითარებასა და საპენსიო სისტემის რეფორმის შესახებ. შეხვედრის მონაწილე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც საქმიანი წრეებისთვის მნიშვნელოვანია. დასასრულს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დიალოგი ბიზნესთან გაგრძელდება და მსგავს კონსულტაციებს სისტემატური ხასიათი ექნება.