მამუკა მდინარაძე: რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო განცხადებების დროს შეცდომები დაშვებული
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა ძალიან მძიმე შეცდომა დაუშვა. მდინარაძის თქმით, მათი გამონათქვამები კორექტული არ იყო.
„ხშირად მითხოვია ჟურნალისტებისთვის, რომ ნუ დავარქმევთ დაპირისპირებას აზრთა სხვადასხვაობას. წინა კვირაში იყო გარკვეული ცხარე დისკუსიები, მათ შორის, დავეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა და სულ მცირე, არ იყო კორექტული მათი გამონათქვამები. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ეს დისკუსია გადაიზრდება რაიმე დაპირისპირებაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე დეპუტატმა დაუშვა შეცდომები, მათ შორის განცხადების გაკეთებისას გედევან ფოფხაძემ ძალიან იჩქარა.
„რამდენიმე დეპუტატის მხრიდან იყო განცხადებების დროს შეცდომები დაშვებული. გედევან ფოფხაძემ ძალიან იჩქარა, როდესაც გააკეთა განცხადება, გამომდინარე იქიდან, რომ კვოტირების თემას ასეთი რეაქცია ნამდვილად არ უნდა მოჰყოლოდა. მაშინ ჩვენ უნდა გველაპარაკა მსგავს საკითხებზე, როდესაც კვოტირების მიხედვით ვირჩევდით ვიცე-სპიკერებს, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსიდან“, „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ასე შემდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, საერთო აზრია და მთელი გუნდი ეთანხმება, რომ მსგავსი განცხადებები ემოციურ ფონზე, როდესაც ამას რეალური საფუძველი არ აქვს, არის შეცდომა.
დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, მისი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მმართველი გუნდის მხრიდან ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერას უკავშირდება.