სლოვენია მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას

სლოვენია მიესალმება საქართველოს ახალ სამშვიდობო ინიციატივას, რომლის მიზანია აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ხალხის ცხოვრების გაუმჯობესება, – ამის შესახებ ნათქვამია სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ტვიტერის“ გვერდზე .

„ჩვენ ამას მნიშვნელოვან ნაბიჯად განვიხილავთ საქართველოს მხრიდან კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის მცდელობაში“, – აღნიშნავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს, მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ეს მიმართულებებია – გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან.
ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები