ირაკლი კობახიძე გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტს, კლაუდია როთს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასევე ხაზი გაუსვა მიღწევას, რომელიც ქვეყანას ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჰქონდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმარს გერმანიის მიერ საქართველოს როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ქვეყნის შიდა განვითარების, ასევე, ქვეყნის საგარეო ურთიერთობების თვალსაზრისით.
საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.
მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება. ირაკლი კობახიძემ კლაუდია როთს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის ვიცე-სპიკერს საქართველოში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან. მათ დააფიქსირეს მკაფიო მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ასევე, ხაზი გაუსვეს მიღწევას, რომელიც ვიზალიბერალიზაციის შედეგად ჰქონდა ორ ქვეყანას და მათი მხარდაჭერა იყო ძალიან გამოკვეთილი. ასევე, იყო საუბარი ოკუპაციის საკითხებზე, დეოკუპაციის პოლიტიკაზე და ამასაც მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ. ვისაუბრეთ კულტურულ თანამშრომლობაზე, ტურიზმზე. მე ვფიქრობ, რომ დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელებული შეხვედრა, რაც ასევე ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისთვის”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრმა, მამუკა მდინარაძემ.