გიორგი მარგველაშვილი: “თავისუფლების” ქართული ვერსიის გააზრების საფუძველზე უნდა აღვნიშნოთ პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წელი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის – “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – პირველი რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლობას შეხვდა და საქართველოს 100- წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდი შეაჯამა.

საქართველოს პრეზიდენტმა, ახალგაზრდებთან დისკუსიისას, იმ ფასეულობებზე ისაუბრა, რომელიც ქართველმა ხალხმა პირველი რესპუბლიკის შექმნისას განსაზღვრა და ახალგაზრდებს საქართველოს დამოუკიდებლობის საზეიმო ღონისძიებებში ჩართვისაკენ მოუწოდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, პირველი რესპუბლიკის 100 წლის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ამ დროს უნდა გავიაზროთ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე და რა გზა განვლო პირველმა რესპუბლიკამ, როგორ ჩამოაყალიბა ის დემოკრატიული მმართველობა, რომელიც იმ პერიოდისათვის ძალიან პროგრესულ იდეებზე იყო დაფუძნებული.

მისი თქმით, საქართველო 23-საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანაა, რომელიც არაერთხელ იყო დაპყრობილი და როცა დამოუკიდებლობის საშუალება მიეცათ, ჩვენმა წინაპრებმა აღადგინეს რესპუბლიკურ მმართველობაზე დამყარებული წყობა, თანაცხოვრების პროგრესული ფორმა.

გიორგი მარგველაშვილმა პირველი რესპუბლიკის მიერ შექმნილ საკანონმდებლო ჩარჩოს საფუძველზე – საქართველოს კონსტიტუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი რესპუბლიკის მიერ შემუშავებული  კონსტიტუცია იყო ძალიან თანამდეროვე მაშინდელი პერიოდისათვის, რომელიც ითვალისწინებდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას, სიცოცხლის უფლების აღიარებას, აუქმებდა სიკვდილით დასჯას, ქალებს და კაცებს თანაბარი საარჩევნო უფლებით უზრუნველყოფდა, სასამართლოს ნაწილშიც ძალიან პროგრესულ პრინციპებზე იყო დაფუძნებული.

“იმ პერიოდში შეიქმნა ასეთი მაღალი სტანდარტის კონსტიტუცია, დაფუძნდა უნივერსიტეტი, აღდგა ეკლესიის ავტოკეფალია – ეს იყო დაგროვილი ენერგიისა და ილიას იდეების რეალობაში გადატანისა და  განხორციელების 3-წლიანი პერიოდი. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სვლა მნიშვნელოვანია რეალობის გააზრების საფუძველზე. თავისუფლება შინაგანი მდგომარეობაა, შინაგანი კონცენტრაციის უნარი, რომლის გააზრებისას, გეგმავ მომავალს და მიდიხარ წინ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა და ყველამ გავიაზროთ, რა არის თავისუფლების ქართული ვერსია და სწორედ ამ ღირებულების გააზრების ფონზე აღინიშნოს პირველი ქართული რესპუბლიკის 100 წლისთავი.

“თქვენი შეხედულებები გავუზიაროთ საზოგადოებას, შევაჯამოთ 100 წელი და დავგეგმოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესების გაჯანსაღებისა და მიმართულების მიცემისათვის.

გიორგი მარგველაშვილმა მოუწოდა ახალგაზრდებს, რომ ტოტალურ აბსურდზე მოსაუბრე “მოლაპარაკე თავებს” – პოლიტიკოსებსა და ე.წ ექსპერტებს, რომლებიც წარმართავენ ქვეყანაში პროცესებს, დაუსვან მარტივი, გულახდილი კითხვები, რომლებისაც მათ ისე ეშინიათ, “როგორც ვამპირებს მზის შუქის”.

“ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, ჯანსაღი, თავისუფალი და მარტივი კითხვების დასმა. ასეთ ტიპაჟებს ეშინიათ თქვენთან კონკურენციის, ამიტომ გიბიძგებენ ამ პროცესებისგან შორს და ხშირად საუბრობენ, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და არ გაეკაროთ მას. თქვენ უფრო უნდა გადარდებდეთ საკუთარი ქვეყნის მომავალი და როცა ამაში ჩართვას გადაწყვეტთ, მოლაპარაკე, უაზრო თავები დაგიპირისპირდებიან, ამან არ უნდა დაგაფრხოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხა, რომლებიც განათლების, ეკოლოგიის,  პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებით დაინტერესდნენ.

“როცა საქმე ეხება ეთნოსებს შორის ურთიერთობას, ჩვენ ყოველთვის გახსნილები ვართ, მაგრამ თუ საკითხს აყენებენ აფხაზების და ოსების ე.წ. სახელმწიფოების ე.წ. მთავრობებთან ურთიერთობაზე, აქ სირთულესთან გვაქვს საქმე – როგორ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს? როდესაც ვხვდები სხვა ქვეყნების ლიდერებს, მე ვხვდები არა როგორც გიორგი მარგველაშვილი, არამედ როგორც საქართველოს პრეზიდენტი და ისინიც წარმოადგენენ სხვა ქვეყნებს და მათ ლეგიტიმურ ხელისუფლებებს.

აქ, ამ შეხვედრის პროცესში ხდება, პირველ რიგში, ჩვენ მიერ ერთმანეთის აღიარება – მე ვაღიარებ, რომ კონკრეტული პიროვნება გერმანიის ან მექსიკის პრეზიდენტია, მე ვაღიარებ მის სახელმწიფოს, მის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ უფლებებს, საკითხების განხილვისას… მაგრამ ჩვენ ვერ ვაღიარებთ აფხაზეთისა და ოსეთის ე. წ. სახელმწიფოებს და მათ წარმოქმნას, რომელსაც მხოლოდ რუსეთი აღიარებს,” – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები