წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძა ირლანდიის ყველაზე პოპულარული მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში მოხვდა

ირლანდიური დღესასწაულის, წმინდა პატრიკის დღის აღსანიშნავ გლობალურ კამპანიაში „Global Greening” თბილისის მონაწილეობამ დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმის, “EPIC – The Irish Emigration Museum” -ის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. კერძოდ, მუზეუმმა თბილისის მწვანედ განათებული სატელევიზიო ანძის ამსახველი ფოტო შეიტანა მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში, რომელიც კამპანიის, „Global Greening”-ის ფარგლებში, მსოფლიოს მასშტაბით, მწვანედ განათებულ ღირსშესანიშნაობებს ასახავს.

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წელს „Global Greening”-ის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოს 49 ქვეყნის 300-ზე მეტი ღირსშესანიშნაობა მწვანე ფერში განათდა, თუმცა მუზეუმმა მუდმივმოქმედი გამოფენისათვის მხოლოდ მათი მცირე ნაწილი შეარჩია, მათ შორისაა თბილისის სატელევიზიო ანძაც.

აღსანიშნავია, რომ წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნული სააგენტოს კამპანია „Global Greening”-ი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მდებარე ღირსშესანიშნაობების მწვანედ განათებას გულისხმობს, რაც ირლანდიასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შორის მეგობრობის სიმბოლოა. თბილისი, როგორც დუბლინის პარტნიორი ქალაქი, 2015 წლიდან ჩაერთო აღნიშნულ გლობალურ კამპანიაში და ირლანდიურ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა მწვანე ფერში წელს უკვე მეოთხედ განათდა.

დუბლინის “EPIC” მუზეუმის მუდმივმოქმედი გამოფენის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძის ფოტოს განთავსება სასიხარულო მოვლენაა და იგი ხელს უწყობს ირლანდიაში საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას. ამასთან, “EPIC – The Irish Emigration Museum”-ი დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელიც უახლესი ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქციულ მუზეუმს წარმოადგენს და მას გასული წლის განმავლობაში, 90 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ეწვია.

წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძის მწვანედ განათება საკუთარი ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური მედიის მეშვეობით, ირლანდიის ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ, „Tourism Ireland”-მაც გააშუქა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები