თამარ კორძაია: კვოტირების შემოღების შემთხვევაში მომდევნო მოწვევის პარლამენტში 10 ქალით მეტი იქნება

“რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია თვლის, რომ საარჩევნო სისტემაში სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება, პოლიტიკაში ქალთა ჩართულობას შეუწყობს ხელს.
შესაბამისი განცხადება კორძაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მომდევნო მოწვევის პარლამენტში 10 ქალით მეტი იქნება.
„რესპუბლიკური პარტია“ ყოველთვის ემხრობოდა კვოტირებას. პარლამენტში რომ ვიყავით, მაშინაც მხარს ვუჭერდით. საკითხზე, რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არის ოპონენტების მხრიდან – ზოგიერთი თვლის, რომ ეს არ არის სწორი, რადგან მაჟორიტარულ სისტემაზე არ ვრცელდება კვოტირება და შედეგს ვერ მოიტანს, მაგრამ რომ დავთვალოთ, ამ კანონის მიღების შემთხვევაში, თუ დღეს 23 ქალია, 10 ქალით მეტი იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტში, ამიტომ ამ კანონის არსებული სახით მიღებას მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთჯერადად – 2020 წლის არჩევნებისთვის ეს კანონპროექტი ითვალისწინებს – 50/50 -ზე ქალისა და მამაკაცის თანაფარდობას, თუმცა როდესაც საქართველოს პარლამენტის არჩევნები მთლიანად გადავა პროპორციულ სისტემაზე, მაშინ უკვე 1/3 -ის პროპორციულობას ითვალისწინებს. ამიტომ 2020 წლისთვის სპეციალური ნორმებია შემუშავებული, რათა რაღაც სავალდებულო საზღვარზე ავიდეს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში. ოპონენტების მხრიდან ასევე გვესმის, რომ ქალთა თანასწორობის თაობაზე, ინტელექტუალურად დაბალი მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ დღეს მთელს მსოფლიოში ასევე მიდის დისკუსია იმაზე, რომ აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ პოლიტიკაში ქალების მონაწილეობის სტიმულაცია მოხდეს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები