ზაზა სოფრომაძე: გუდაურში დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაზა სოფრომაძემ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, საბაგიროს ავარიულად გაჩერების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა, რომ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

“გუდაურში დაშავებულებიდან ორი მათგანი გადმოყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში, 5 კი გზაშია. მათგან 4 ამავე კლინიკაში განთავსდება, ხოლო ერთ ქალბატონს შვეიცარიის მოქალაქეს “მედი ქლაბის” კლინიკაში გადაიყვანენ.

რაც შეეხება ჩამოყვანილი პაციენტების მდგომარეობას, უკრაინის მოქალაქეს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, დანარჩენების მდგომარეობაც შედარებით მსუბუქია. მათ სხვადასხვა სახის ტრავმა და დაბეჟილობა აღენიშნებათ.

ზედმეტი პანიკის საფუძველი არ არსებობს, არცერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება”,-განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა, დაზიანებები საშუალო სიმძიმისაა. ერთ-ერთი ვერსიით, გუდაურში, ძაბვის ვარდნის შედეგად, ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც საბაგირო ავარიულად გაჩერდა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით დაიწყო მოძრაობა. მეორე ვერსიით, კი საბაგირო მწყობრიდან მუხრუჭების დაზიანების გამო გამოვიდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები