„დოპელმაიერი“, რომელმაც გუდაურში საბაგირო მოაწყო, საქართველოში “ნაცმოძრაობის” დროს შემოვიდა

ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი“, რომელმაც გუდაურში საბაგირო ინფრასტრუქტურა მოაწყო, საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს, 2011 წელს შემოვიდა.

გუდაურმა განახლებული ინფრასტრუქტურით ზამთრის სეზონს პირველად, 2012 წლის 22 დეკემბერს უმასპინძლა. იმ დღეს სათხილამურო ტრასა სპორტსმენებისთვის სპეციალურად გაიხსნა.

გუდაურის განვითარების ფონდი, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დროს დაარსდა. 2011 წელს, თბილისის მერიის მაშინდელი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიამ გუდაური 5 წლით მართვაში აიღო და საერთაშორისო დონის კურორტად უნდა ექცია.
გუდაურის განვითარების ფონდის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ნიკა გრძელიძის ინფორმაციით, მოთხილამურეებს 2 ახალი საბაგირო გზა მოუწყვეს.

მსოფლიოში საბაგირო გზების დაპროექტების, მშენებლობისა და რეაბილიტაციის სფეროში ლიდერი ავსტრიული კომპანია „დოპელმაიერის“ წარმომადგენლები პირველად 2011 წელს ჩამოვიდნენ.

საბაგირო გზის ტექნიკურ შემოწმებას და რეაბილიტაციას კომპანია „დოპელმაიერი“ წლების განმავლობაში უწევდა.

„გუდაურში ავსტრიიდან ჩამოვედი და აქ მოქმედი საბაგიროების უსაფრთხოების სისტემის მონიტორინგს ვახორციელებთ. დღეში რამდენიმე საათს ვმუშაობთ, ვფიქრობ ჩვენი და ადგილობრივი სპეციალისტების ძალისხმევით, ნოემბრის ბოლოსთვის, აქ არსებული საბაგირო სრულ მზადყოფნაში იქნება“, – განაცხადა კომპანიის ინჟინერმა ვილჰელმ ნარჰოფერმა. 2012 წელს 3 ივნისს.

კომპანიის კიდევ ერთი ინჟინრის არმინ ჰულბურგერის ინფორმაციით, იგი საქართველოში 2011 წლის ნოემბერში ჩამოვიდა და მაშინ 3 საბაგიროს რეაბილიტაციაში მონაწილეობდა.

ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია Doppelmayr 1892 წელს დაარსდა და საბაგიროების უმსხვილესი მწარმოებელია.

შეგახსენებთ, რომ დღეს გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა და 10-მდე ადამიანი დაშავდა. მათ შორის იყვნენ უცხოელი ტურისტები.

დაშავებულებიდან ორი უკრაინის, რუსეთის – ოთხი, შვედეთის – ერთი და საქართველოს ერთი მოქალაქეა, რომელმაც ამბულატორია უკვე დატოვა. დაშავებულები თბილისში ვერტმფრენით გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები