გერმანიის „მაქსპლანკის“ სახელობის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი ვიზალიბერალიზაციის გამოწვევებზე საუბრობს

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორმა,  პროფესორმა, მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის “მაქსპლანკის” ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელმა
ელიკო წიკლაური-ლამიხი  პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერეციაზე, გერმანია-საქართველოს ურთიერთობების, ვიზალიბერალიზაციის პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
„უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო. ეს იმ რეფორმების დადებითი შედეგი იყო, რომელიც ქვეყანამ აწარმოა. საქართველოს ბევრად უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. რაც შეეხება თავშესაფრის მსურველთა გაზრდილ რაოდენობას და მსგავს საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ 27 წელია გერმანიაში ვცხოვრობ, ჩემთვისაც არანაკლებ მტკივნეულია ვითარების ასეთი მსვლელობა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქართველი მამაკაცია გერმანიის სხვადასხვა ციხეში. ქალებს რაც შეეხებათ, ერთეული შემთხვევებია“, -განაცხადა ელიკო ლამიხმა.
მისი თქმით, თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხვი საკმაოდ დიდია.
„ეროვნული ნიშნით დანაშაულის გამოყოფას თავისი მიზეზები აქვს, ისტორიულად თუ თვალს გადავავლებთ მაგალითად, ერთი პერიოდი იქმნებოდა რუსული ჯგუფები, გერმანიაში შედიოდნენ პოლონეთიდან, ლიტვიდან და ასე შემდეგ. დღეს საქართველო მოექცა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში, იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობასთან პროპორციულად თავშესაფრის მაძიებელ ქართველთა რიცხვი ძალიან დიდია“, – აღნიშნა ელიკო ლამიხმა.
გერმანიის „მაქსპლანკის“ სახელობის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი გამოსავალს, საქართველოში დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მოსახლეობისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაში ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები