საქართველო და ევროკავშირი მეცნიერებისა და ინოვაციის საკითხებში თანამშრომლობას გააძლიერებენ

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ევროკომისარს კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში კარლოს მოედაშს შეხვდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა პოზიტიურ და აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასა და კომისიას შორის, განსაკუთრებით კვლევებისა და ინოვაციების სფეროში. გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ეს კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისარი თბილისში ვიზიტით მოიწვია. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ დინამიკურ პროგრესს, რომელიც  ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში არსებობს; ასევე იმ შედეგებს, რომლის მიღებაც ქვეყანამ შეძლო ასოცირების შეთანხმების გაფორმების, ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის დაწესების შემდეგ.

აღინიშნა სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ინტერესია, ქვეყანამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა ევროკავშირის სტანდარტებთან, ნორმებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში იყოს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, მეცნიერება და ინოვაციები.

ხაზი გაესვა იმას, რომ მეცნიერება და ინოვაციები საქართველოს საშინაო დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები