კახა ბექაური: “მაგთიკომმა” და “ჯეოსელმა” “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონი დაარღვია

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, „მაგთიკომმა” და „ჯეოსელმა” „ელექტონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი და კომისიის მიერ 2010 წლის 21 მაისის N 240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებები დაარღვიეს, რომლის მხიედვითაც „შპს „ჯეოსელს” და შპს „მაგთიკომს” დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე. კახა ბექაურმა კომისიის მიერ ჩატარებულ მოკვლევაზე კომენტარი, დღეს კომისიის სხდომაზე გააკეთა. თუმცა, საკითხის განხილვა კომპანიების თხოვნით გადაიდო და შესაბამის გადაწყვეტილებას კომისია 15 მარტს მიიღებს.
“2017 წლის ოქტომბრის შემდეგ, კომისიას აქვს შესაძლებლობა ურთიერთჩართვის ტარიფები ახალი მეთოდოლოგიით დაითვალოს. ამ მეთოდოლოგიით შესაძლებელი გახდა ტარიფების წარმოქმნის სწორი, სამართლიანი ბაზის შეიქმნა. ამ მეთოდოლოგიის დანერგვის შემდეგ კომისიამ ბაზარზე დაიწყო მონიტორინგი იმის დასადგენად, მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები ხომ არ ეწეოდნენ სუბსიდირებული ტარიფებით მომსახურეობას. ხომ არ ქმნიდნენ ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს, უფრო ზუსტად კი ბაზარზე ფასების დადგენის კუთხით ხომ არ იყენებდნენ ძალაუფლებას ბოროტად. ამ კუთხით პირველი შევისწავლეთ „ბილაინის” ქეისი, მეორე ჯერზე კი მოხდა კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში „მაგთისა” და „ჯეოსელის” მიერ სახელმწიფო უწყებებისთვის გაწეული მომსახურეობის შესწავლა. ანალიზით მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს “, – განაცხადა კომისიის სხომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაურის განმარტებით, ვის ხარჯზე ახდენდნენ კომპანიები სუბსიდირებას ამაზე კომისია ვერ ისაუბრებს, ვინაიდან ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის.
„იმის თქმა დღეს რომელი სამომხმარებლო ჯგუფის მიერ ხდება მეორე ჯგუფის სუბსიდირება ან დაფინანსება შეუძლებელია, რადგან სამომხმარებლო ჯგუფები ძალიან ბევრ სეგმენტებად იყოფა. შეიძლება სუბსიდირება კორპორატიული კლიენტების ხარჯზე ხდებოდა, შეიძლება საბითუმო ბაზრიდან არა საცალო და ჩვეულებრივი მომხმარებლების ხარჯზე. ამის დადგენას ყველა სამომხმარებლო ჯგუფის სეგმენტურად შესწავლა სჭირდება. ჩვენი მიზანია, რომ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შევქმნათ და ზოგიერთ მომხმარებელზე არ იყოს დემპინგური ტარიფი. ბაზარზე უნდა დადგეს კონკურენტუნარიანი და სამართლიანი ტარიფები და სწორედ ამას ემსახურება კომისია” – განაცხადა კახა ბექაურმა.
გარდა კონსოლიდირებული ტენდერის საკითხის შესწავლისა კომისია იწყებს მოკვლევას მობილური კომპანიები მსხვილ კორპორატიულ კლიენტებს როგორი ტარიფით ემსახურებიან და ხომ არ აქვს ადგილი ამ ნაწილშიც სუბსიდირებას და დემპინგურ ფასებს.
„ჩვენ უკვე გამოთხოვილი გვაქვს სამივე ოპერატორისგან კორპორატიული კლიენტების მომსახურებებზე გაწეული ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, თუ რა პირობებით და რა ტარიფებით ემსახურებიან ოპერატორები კომპანიებს და ხომ არ არის ეს დემპინგური ტარიფი, რომელიმე კორპორატიული მსხვილი კლიენტისთვის. ეს თუ დასაბუთდა და დადგინდა, რა თქმა უნდა იქნება დარღვევა, ამისთვის კომპანიები გაფრთხილების მერე უკვე ფინანსურ სანქციებს მიიღებენ”. – აცხადებს კახა ბექაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები