არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია

„ჩვენ ყველანი დამწუხრებული ვართ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ხელყოფა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დამწუხრებული ვართ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო. მოხდა ძალიან მძიმე დანაშაული, ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის ხელყოფა ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ მივესალმებით, იმას რომ საქართველოში, ყველა მხარის მიერ, ამ მძიმე დანაშაულს სათანადო, მკაცრი შეფასება მიეცა. ასევე, მივესალმებით, რომ ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც ამ ფაქტს ძალიან მკაცრი და ობიექტური შეფასებები მოჰყვა. ნურავის ექნება იმედი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები დავიწყებას მიეცემა. ჩვენ, ყველა შესაბამის ფორმატში, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დარჩეს დღის წესრიგში, მანამ სანამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის, სიცოცხლის ხელყოფის, თავისუფლების უკანონო ხელყოფის რისკებთან დაკავშირებით არ იქნება კიდევ უფრო მკვეთი ზომები მიღებული და რუსეთის ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი არის ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეულ ფაქტზე, იქ არსებულ ვითარებაზე, სათანადოდ არ გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო თანამეგობრობას აქვს მასთან დაკავშირებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძის განმარტებით, საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალური რეზოლუციის ინიცირება მოახდინა. „ჩვენი მიზანია პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია, სადაც პრინციპულად იქნება გაკეთებული შეფასებები ამ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით და ასევე, იქნება კონკრეტული რეაგირება მოთხოვნილი იმისთვის, რომ ერთი მხრივ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე იყოს ადეკვატური რეაქცია, ხოლო მეორე მხრივ, მიღებული იქნას ზომები, რომელიც მომავალში სხვა ადამიანების სიცოცხლეს და თავისუფლებას დაიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს ერთიანი, ძლიერი რეზოლუცია, რომელსაც ყველა პარტიის მხრიდან ექნება მხარდაჭერა, რისთვისაც კონსულტაციები ყველა ფრაქციასთან გაიმართება. „ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები ყველა ფრაქციასთან. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი დასაბუთებული რეკომენდაცია თუ შემოთავაზება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ეს პროცესი დაწყებულია და იმედს გამოვთქვამ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციის ისეთ პროექტს, რომელსაც ერთიანი მხარდაჭერა ექნება და პარლამენტის ერთიან ძლიერ რეაქციას და ერთიან პასუხს გამოხატავს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს უმოკლეს დროში გადმოეცეს და სათანადო პატივით, ღირსეულად დაიკრძალოს ჩვენი თანამოქალაქე, რომლის სიცოცხლეც ცხინვალის რეგიონში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები