სოფიო ხუნწარია: სიცრუეა, რომ ბიბლიოთეკები იყიდება

თბილისის მერის მოადგილე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ბიბლიოთეკების გაყიდვებთან დაკავშირებით.
სოფიო ხუნწარია ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბიბლიოთეკო სფეროს რეფორმა გარდაუვალია.
თუმცა, დასძინა, რომ ბიბლიოთეკები არ იყიდება.
„ბიბლიოთეკების რაოდენობაზე ამ მომენტში მე პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა, ის თემა, რომ ბიბლიოთეკები იყიდება, სიცრუეა, რადგან ბიბლიოთეკები არ იყიდება. მე შემიძლია რამდენიმე ბიბლიოთეკაზე გავამახვილო ყურადღება. ბიბლიოთეკა, რომელიც არის ჭავჭავაძეზე და კომერციულად ინვესტორისთვის ყველაზე მიმზიდველია, რჩება. ის ბიბლიოთეკა, რომელიც დადიანის ქუჩაზეა, რომლის ინტერესი ორ ინვესტორს ჰქონდა, შენარჩუნდება და არ იყიდება. ტოლსტონოგოვის ბიბლიოთეკა, რომელიც მარჯანიშვილზე მდებარეობს და შეიძლება ინვესტორებისთვის ყველაზე საინტერესო იყოს, რჩება და ა.შ. სხვა ბიბლიოთეკებთან დაკავშირებით, მე ამ მომენტისთვის პასუხს ვერ გაგცემთ იმ მიზეზის გამო, რომ უმოკლეს დროში კვლევის ჩასატარებლად ტენდერი გამოცხადდება. 10-ვე რაიონში მოსახლეობის აზრის შესწავლა მოხდება, თუ როგორი ტიპის ბიბლიოთეკები სურთ“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე განმარტებით, რამდენიმე ბიბლიოთეკა უმძიმეს მდგომარეობაშია და სამხარაულის მიერ მოხდება შესწავლა ვარგისია თუ არა შენობა საბიბლიოთეკო სივრცისთვის.
ცნობისათვის, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ დღეს განაცხადა, რომ ”როგორც ჩანს, შეარჩიეს საუკეთესო ადგილები, რომლებიც კომერციულად მიმზიდველია და სურთ ბიბლიოთეკების შენობები გაყიდონ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები