არჩილ ტატუნაშვილის მამა: შს მინისტრი შვილის გადმოსვენებას დამპირდა
შინაგან საქმეთა მინისტრი შვილის გადმოსვენებას დამპირდა,- ამის შესახებ ცხინვალში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის მამამ მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ტატუნაშვილის გადმოსვენების მოთხოვნით, ოჯახმა და ახლობლებმა ნატახტართან საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის მცირეოდენი დაპირისპირება მოხდა, თუმცა სიტუაცია მალე განიმუხტა.
აქციიდან პოლიციელებმა არჩილ ტატუნაშვილის მამა შს მინისტრთან შესახვედრად წაიყვანეს. აქციაზე იყო დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა.
ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ორი მოქალაქე – ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი – ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ჯერ კიდევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან.