ზაზა გაბუნია: ჩვენი საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მთავარი ფრაზა იყო სწრაფი განვითარება

პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მთავრობის საარჩევნო დაპირების ერთ-ერთი მთავარი ფრაზა იყო სწრაფი განვითარება, რაც შესრულდა.

ზაზა გაბუნია საზოგადოებას ფინანსთა მინისტრისგან სწრაფი განვითარების რეცეპტს აცნობს.

“ფინანსთა მინისტრის ინიციატივა გვეუბნება იმას, რომ მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით მუშაობს იმ საკითხებზე რაზეც არის საჭირო ყველას ძალისხმევის მიმართვა. ეს არის უფრო მეტი შესაძლებლობა მეწარმეებისთვის დოვლათის გასაზრდელად და შედეგად უფრო მეტი სამუშაო ადგილი ჩვენს თანამოქალაქეებს. ამისთვის ინიციატივაში არის რამდენიმე ყურადსაღები კომპონენტი:

მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის ივლისიდან იცვლება და მეწარმეებისთვის გაცილებით უფრო კომფორტული ხდება მცირე ბიზნესის დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციები;

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (საქველმოქმედო, სსიპ-ები და ააიპ-ები) დაბეგვრა 2019 წლიდან განხორციელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის (განაწილებული მოგების გადასახადის მოდელის) პრინციპებით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ განთავისუფლებას მოგების გადასახადისგან, რადგან ისინი მოგებას არ ანაწილებენ;

უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები;

საქართველოდან მომსახურების ექსპორტის და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების განვითარების სტიმულირებისთვის ხორციელდება ცვლილებები;

იმპორტიორს უფლება ეძლევა დადგენილი წესით დაიბრუნოს მსუბუქ ავტომობილსა და მოტოციკლზე გადახდილი აქციზის 100% – ის ოდენობა;

საქართველოდან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტის წახალისების მიზნით ხორციელდება ცვლილებები;

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პირადი გამოყენებისათვის იმპორტირებული სატრანსპორტო საშუალება აქციზისაგან სრულად გათავისუფლდება;

2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება მოგების გადასახადის ახალ მოდელზე (განაწილებულ მოგების გადასახადის მოდელზე) გადასვლა საფინანსო სექტორისთვის.

ასეთი ინიციატივები იბადება ბიზნესში ჩართული მოქალაქეების მოსმენის და ნოვატორული იდეების განხორციელების უნარის ხარჯზე, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში სულ უფრო ხილულს გახდის მთავრობის ინიციატივების მოქალაქეებისთვის სარგებლიანობას”, – აცხადებს ზაზა გაბუნია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები