საკრებულოში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე რეკომენდაციები განიხილეს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სამუშაო შეხვედრაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის თაობაზე რეკომენდაციები განიხილეს. შეხვედრას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერიის  ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე და პარლამენტარი რატი იონათამიშვილი ესწრებოდნენ.

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია შშმ პირთა ადაპტირების და ინკლუზიური საკითხების დახვეწა. რეკომენდაციები კომისიაზე თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა გიგა სოფრომაძემ წარადგინა. გიგა სოფრომაძემ შეხვედრაზე შშმ პირთათვის  ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, უნივერსალურ დიზაინზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უნივერსალური დიზაინი ისეთი გააზრებაა, როდესაც გარემო ბარიერებისგან მაქსიმალურად თავისუფალი და კეთილგანწყობილია, ნივთები კი ადვილად გამოყენებადი და მისაწვდომი მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის“,- განაცხადა გიგა სოფრომაძემ.

მან  ამ თვალსაზრისით თბილისში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, ინფრასტრუქტურულ პროექტების დაგეგმვის დროს არის აღნიშნული ამ ობიექტის ადაპტირებულობის აუცილებლობა, პრიორიტეტების მინიჭების კრიტერიუმში არ არის განსაზღვრული უნივერსალური დიზაინის პრინციპი.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, როგორც გიგა სოფრომაძემ განაცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების პასუხისმგებელ პირებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა. ამასთან, უნდა შეიქმნას ერთიანი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული ადგილები. მანვე აღინიშნა, რომ აუცილებელია ამ პროცესში საკრებულოს მონიტორინგის და ზედამხედველობის გაზრდა და ერთიანი კონცეფციის შემუშავება.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემელაძემ განაცხადა, შშმ პირთა ადაპტირების კუთხით ერთიანობა და ყველას ჩართულობაა მნიშვნელოვანი.

„ბევრი საკითხია, რომელიც მარტივად შეიძლება გადაწყდეს. ეს მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობით შესაძლებელია მათი კომპეტენციის ფარგლებში“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე  ასევე M3  კატეგორიის ავტობუსების გაჩერებების სახელდების და შშმ პირთათვის ავტობუსების გაჩერებების ხმოვანი გამოცხადებისთვის შესაბამისი სისტემის დამონტაჟების საკითხიც განიხილეს, რომელიც საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ და სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა წარადგინეს. გადაწყდა, რომ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურებთან შეთანხმებით, ამ პროექტის განხორციელება ეტაპობრივად დაიწყება.

შეხვედრაზე ასევე თბილისში პარკირების რეგულირების წესის და საფასურის შესახებ დადგენილებაზე სახალხო დამცველის რეკომენდაციაც განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები