ირაკლი ზარქუა: გაზრდილი ბიუჯეტი ავტობუსების შესყიდვასა და ბაღების რეაბილიტაციას მოხმარდება

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ  ოპოზიციის მიერ „თბილისის განვითარების ფონდის“ მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ, თბილისის მმართველობაში ყოფნის პერიოდში, უტენდეროდ მილიონობით თანხა იყო დახარჯული.

„2010-დან 2015 წლამდე პერიოდში 650 მილიონი ისე დაიხარჯა, რომ მხოლოდ ორ კომპანიაზე ჰქონდათ სამუშაოები გადანაწილებული და არანაირი ტენდერი  არ ჩატარებულა. კანონმდებლობა ისე ჰქონდათ მორგებული, რომ სსიპ-ები და ააიპ-ები სახელმწიფო შესყიდვებს საერთოდ არ ექვემდებარებოდნენ. ჩვენ 2015 წელს კანონში ცვლილებები შევიტანეთ და ეს უწყებები სახელმწიფო შესყიდვებს დავუქვემდებარეთ. გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროცესში კი ერთი და ორი კომპანია კი არ არის ჩართული, არამედ ათამდე კომპანიაა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ირაკლი ზარქუამ ქიაჩელის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის თემაზეც გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ოპოზიცია ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვა დედაქალაქის მთავრობაში „ქართული ოცნების“ ყოფნის პერიოდში გაიცა. დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ნებართვა 2012 წლამდე, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე იყო გაცემული.

მან ასევე ოპოზიციის მიერ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის შემცირებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის მიერ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერებში  გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა.

ირაკლი ზარქუას განმარტებით, ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული ვითარების გარკვევამდე შეჩერდა, სწორედ ამიტომ მოხდა ბიუჯეტში მეტროსადგურების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი თანხის შემცირებაც. დეპუტატის თქმით, რეალურად ბიუჯეტი იზრდება და ამ გაზრდილი თანხის დიდი ნაწილი თბილისისთვის 100 ახალი ავტობუსის შესყიდვას, დანარჩენი კი ბაგა-ბაღების რეაბილიტაციასა და დედაქალაქში გამწვანებით ღონისძიებებს მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები