ირაკლი კობახიძე: ჩემი პოზიციაა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ

ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ვეტო დავძლიოთ და მივიღოთ ის კანონპროექტი, რომელიც თავიდანვე მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შეფასებისას განუცხადა.

კობახიძე აცხადებს, რომ საკუთარი არგუმენტების მართებულობაში დარწმუნდა.

„პოლიტიკურ შტურმს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ჩვენ ყველა ვხედავთ. ვაკვირდები რამდენიმე თვის განმავლობაში, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს. მე უკვე აღვნიშნე დღეს სხდომაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვითარებას თუ გააუმჯობესებ, თორემ იქ რაიმეს გაუარესება არის შეუძლებელი. წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ჩვენი გადამხდელების ფული იხარჯებოდა იმაზე, რომ დაწერილიყო ნულოვანი რეიტინგი და ამას ყველა გულგრილად უყურებდა. ჩვენ გვამოძრავებს ძალიან მარტივი მიზანი – გვინდა, რომ ეს ათეულობით მილიონი, ჩვენი მოქალაქეების ფული დაიხარჯოს მიზნობრივად და მოემსახუროს იმას, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მინიმალური სოციალური გავლენა შეიძინოს. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი აუცილებლად შესრულდება, მათ შორის, ამის მიღწევის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა რეკლამასთან დაკავშირებით, შესყიდვებთან დაკავშირებით. დამატებით ვიმსჯელებთ ამ ყველაფერზე, თუმცა ვიტყვი, რომ დღეს მე დავრწმუნდი ჩემი არგუმენტების სისწორეში. გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, რომელიც ადასტურებს იმას, რომ გაუმჯობესდება ვითარება იმ ცვლილებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ მივიღეთ და გაუარესებით არაფერი გაუარესდება. ანუ არ მიადგება ზიანი არავითარი ფორმით კერძო მაუწყებლებს. საპირისპირო მყარი არგუმენტები ჩვენ დღეს ვერ მოვისმინეთ. ჩემი პირადი პოზიციაა, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დავძლიოთ და თავდაპირველი კანონპროექტი მივიღოთ, თუმცა საკითხზე უმრავლესობის ფორმატში უნდა ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები