იუსტიციის სახლი ახალი სერვისების დანერგვას აგრძელებს

იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად საერთაშორისო სიმბარათების გაცემის სერვისი დაემატა.

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და უკვე დღეიდან – საერთაშორისო სიმბარათი.

ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი  აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.

მომხმარებლებს საერთაშორისო სიმბარათის შეძენა 15 ლარად შეეძლებათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა – 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები – 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი – 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი – 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი. საერთაშორისო სიმბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.

„იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელმაც დანერგა კერძო სექტორის სერვისები. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, მომხმარებლებს შევთავაზოთ მათთვის საჭირო და მოთხოვნადი მომსახურება. კერძო სექტორის სერვისების დანერგვის ეტაპზე იუსტიციის სახლისთვის პრიორიტეტულია მომხმარებელი და ორიენტირებული ვართ, მოქალაქემ კომფორტულ გარემოში განსაკუთრებული პირობების მქონე პროდუქტი  საუკეთესო, ექსკლუზიურ ფასად მიიღოს”, – განაცხადა იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის სახლი აქტიურად მუშაობს სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები