რა მოხდა ჭანტურიას დაკავებამდე – ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გათავისუფლებულის მამა დეტალებზე საუბრობს

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას მამა იმ დეტალებზე საუბრობს, რაც მისი შვილის დაკავებას წინ უძღვოდა.

როგორც ჭანტურიას მამამ, ზურაბ ჭანტურიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დაახლოებით ერთი თვის წინ, რუსთავის მერმა მას და მის შვილს თანამდებობების დატოვება მოსთხოვა.
მისი თქმით, გიორგი ჭანტურია, რუსთავის მერიაში სახელმწიფო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტს იკავებდა. ზურაბ ჭანტურიას განცხადებით, გიორგი ჭანტურია სამსახურიდან მართლაც პირდაპირი განცხადების საფუძველზე წავიდა, მას კი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.
ამასთან, ზურაბ ჭანტურია ამბობს, რომ იგი 2010 წლიდან დღემდე „ქართული ოცნების“ წევრია.
„დამიბარა მერიაში ქალაქის მერმა და მეუბნება, ხელშეკრულება დაგიმთავრდა, უნდა წახვიდეო. როდესაც შევეკითხე, მიზეზი რა იყო ამის, რატომ უნდა წავსულიყავი, ხელშეკრულება დამიმთავრდა, რატომ არ შეიძლებოდა ამ ხელშეკრულების გაგრძელება?! – მიპასუხა, რომ ეს ჩემი გადაწყვეტილება არ არის, ეს მოდის პარტიიდან, ზევიდან,“ – აცხადებს ზურაბ ჭანტურია.
ზურაბ ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ის გასულ ზაფხულს გაიცნო და მეტჯერ არ შეხვედრია.
ამავე პრესკონფერენციას გიორგი ჭანტურიას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეც ესწრებოდა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჭანტურიას მიმართ, ქუთათელაძის მკვლელობაში ეჭვი თავად ჭანტურიას ნათქვამმა გამოიწვია, როდესაც აღნიშნა, რომ ბოლოს გენერალი მან ნახა.
“გიორგის რომ რაიმე შემხებლობა ჰქონდეს მკვლელობასთან, ერთი მტკიცებულებაც არ მოიპოვება. 5-ს რომ 20 აკლდა, ცხონებული მოკლეს, გიორგი ჭანტურია ამ დროს იმყოფებოდა, როგორც თავად ბატონმა ზურაბმა დაადასტურა, მასთან ერთად, ბანკში,“ – განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დააკავეს და 40-საათიანი დაკავების შემდეგ, ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.
რუსთავის მერიაში ჭანტურიების სამსახურებიდან გაშვებასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები