როგორ განვტვირთოთ ორგანიზმი საახალწლო სუფრის შემდეგ _ ექიმის რჩევები

ახალი წლის ნოყიერი დღეები ხშირად ნეგატიურ გავლენას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე, კალორიული საკვები განსაკუთრებულ პრობლემებს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებსაც კუჭ–ნაწლავისა თუ სხვა სახის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ. ქართული ტრადიცული სუფრის გათვალისწინებით, რთულია ზომიერების დაცვა მოსთხოვო როგორც საკუთარ თავს, ისე ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებს. როგორ გადავიდეთ ახალი წლის დღეების შემდგომ კვების ჩვეულ რეჟიმზე ისე, რომ გართულებები ავიცილოთ თავიდან, როგორი უნდა იყოს ჩვენი რაციონი ე.წ. განტვირთვის დღეებში, რა უნდა მივირთვათ და რისი მიღებისგან უნდა შევიკავოთ თავი, არის თუ არა ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და ვარჯიში რეკომენდებული ამ პერიოდში – ამ კითხვებზე „კვირას“ ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი პასუხობს:
– ქალბატონო ნინო, ახალი წლის და მომდევნო დღეებში პაციენტიების რიცხვი ალბათ მატულობს, ძირითადად რა ჩივილებით მოგმართავენ ისინი?
– დიახ, ახალი წლის შემდეგ პაციენტთა ნაკადი მატულობს, პაციენტებს აღენიშნებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გართულებები – როგორიც არის გასტრიტის, ქოლეცისტიტის გამწვავება, მოგეხსენებათ ჩვენი ტრადიციული სუფრა საკმაოდ მაღალკალორიული საკვებისგან შედეგება, რაციონი, ცხოველური ცხიმებითა განსაკუთრებულადაა დატვირთული რაც იწვევს ნაღვლის ბუშტის გაღიზიანებას. საგულისხმოა, რომ ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მაღალი პროცენტი იცავს მარხვას, ასეთ დროს ორგანიზმისთვის საკვებით გადატვირთვა ძალიან რთულია, შესაბამისად ბიოქიმიური პროცესებს, რომლებიც გარკვეულ რეჟიმზეა აწყობილი, გადართვა უწევთ აბსოლუტურად სხვა ცვლაზე –ეს არის დატვირთვა საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. განსაკუთრებით საშუალო და მაღალი ასაკის პაციენტები განიცდიან ისეთი სახის გართულებებს, როგორიც არის ქოლეცისტიტი, გასტრიტი, კუჭის ეროზიული გამწვავებები.. აქედან გამომდინარე პაციენტთა ნაკადის მომართვიანობა იზრდება, როგორც გასტროენტეროლოგთან ასევე ენდოკრინოლოგთან.მოგეხსენებათ საახალწლო სუფრა ტკბილეულით და ცხიმებით არის დატვირთული, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში განსაკუთრებულად მატულობს გართულებები, სახეზეა შაქრის დონის მატება, აღარაფერს ვამბობ წონაზე. ასევე იზრდება არტერიული ჰიპერტენზიის ანუ წნევის მომატების რისკებიც.
რაც შეეხებათ ბავშვებსა და მოზარდებს, ამ მხრივ მომართვიანობა რამდენად მაღალია?
–მართალია საშუალო და მაღალი ასაკის პაციენტების მომართვიანობა უფრო გაზრდილია, მაგრამ ახალი წლის დღეების შემდგომ ასევე მოგვმართავენ მოზარდები, რომლებსაც აქვთ წონის პრობლემა –საუბარია მეექვსე, მეშვიდე, მერვე კლასის და მაღალი ასაკის ანუ გარდატეხის პერიოდში მყოფებზე, ასეთ პერიოდში წონაში სწრაფად მატებისკენ აქვთ მათ მიდრეკილება. რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვებში უფრო ინტოქსიკაციის შემთხვევებია, როდესაც ხდება მრავალფეროვანი საკვების ერთბაშად მიღება. მათ უფრო ინტოქსიკაციის გამოვლინებები აქვთ.
ქალბატონო ნინო, რას ურჩევთ მოსახლეობას, როგორი უნდა იყოს მათი რაციონი ახალი წლის შემდგომ დღეებში?
– ჩვენ ვიყენებთ ჰარვარდის ნუტრიციული სკოლის ძალიან მარტივ რეკომენდაციას – რომელსაც ეწოდება „ჩემი თეფშის პრინციპი“. აქ იგულისხმება სწორი კვება, აქცენტი უნდა გავაკეთოთ მოთუშულ, მოხარშულ პროდუქტებზე, ფაფებზე, წიწიბურაზე, ჰერკულესზე, შესაძლებელია ბრინჯი გარნირად, რათა გავანეიტრალოთ ეს ფონი. ჩვენ თეფშზე სწორედ ასეთი პროდუქტები უნდა მოხვდეს. მაგალითად თეფშის ნახევარზე მოვათავსოთ პიურე – ანუ თეფშის 50% დაიკავოს რთული, სასარგებლო ნახშირწყების შემცველმა საკვებმა, ხოლო თეფშის მეორე ნახევარზე სასურველია მოვათავსოთ ცილების ჯგუფის წარმომადგენლები – ეს გახლავთ უმი ბოსტნეული, რძის პროდუქტები –ხაჭო ან ყველი ან მაწონი,ხორცის ჯგუფიდან სასურველია აქცენტი გავაკეთოთ თეთრ ხორცზე – თეთრ ხორცში შედის თევზი, ქათამი,ინდაური და კურდღლის ხორცი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ დაბალკალორულ ცილების ჯგუფს, რომელშიც არის ცხიმის მინიმალური შემცველობა და როგორც უკვე აღვნიშნე დამატებით სასურველია ცილების ჯგუფის მესამე წარმომადგენელი – ბოსტნეული და ნაწილობრივ ხილი, რომელიც შეიცავს ცილებსაც და ნახშირწყლებსაც.
გარდა ჯანმრთელობის პრობლემებისა, ხშირად კალორიული საკვების მიღება სადღესასწაულო დღეებიდან მალევე ჩვენს წონაზეც აისახება, რამდენად რეკომენდებულია ასეთ დროს ფიზიკური დატვირთვა, ტრენაჟორები და ა.შ.?
– პაციენტებს ნამდვილად აქვთ სურვილი, რომ ფიზიკურად სწრაფად დაიტვირთონ, თუმცა, ასეთ შემთხვევაში საშუალო ასაკის პაციენტებში, რომლებსაც არ აქვთ ჯანმრთელობის რესურსი, შესაძლოა თავი იჩინოს კარდიოლოგიურმა, ძვალსახსროვანმა პრობლემებმა, ამიტომ ასე ხელაღებით ვარჯიშის დაწყების რეკომენდაციის მიცემა რთულია, თუმცა ახალგაზრდებს არ აქვთ ეს რისკფაქტორები და მათ შეუძლიათ ფიზიკურად დატვირთვა. ამერიკის სპორტული აკადემიის რეკომენდაციაა, რომ სასურველია მინიმუმ 500 წუთი იყოს დატვირთვა – დღეში მინიმუმ 60 წუთი გამოდის აქედან, 30 წუთი ზომიერი ვარჯიშს , 30 წუთი ენერგიული ვარჯიშს უნდა დაეთმოს – ეს შეეხებათ მოზარდებსა და ახალგაზრდა ასაკის ადამიანებს. რაც შეეხებათ საშუალო და უფრო ასაკოვან პაციენტებს აქ ინდივიდუალურად, მათი სამედიცინო ისტორიის გათვალისწინებით, ექიმის მიერ უნდა მოხდეს რეკომენდაციის გაცემა ფიზიკურ აქტივობაზე. აქვე ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, მინდა შევეხო სხვადასხვა დანამატების მიღების საკითხს. დღეს მქონდა შემთხვევა და ამიტომ ხაზს გავუსვამ ამ პრობლემას – დღესდღეისობით ძალიან ტრენდული გახდა ახალგაზრდების მხრიდან ხელოვნურად სინთეზირებული პროტეინების მიღება– ისინი ამ ნივთიერებებს იწერენ „ამაზონიდან“, „ebay”-დან, სავარჯიშო დარბაზებში ყიდულობენ სხვადასხვა ტიპის პროტეინებსა და მიქსებს, იმ ფონზე როცა ევროპაშიც და ამერიკაშიც თანამედროვე პროტოკოლის დაცვით იკრძალება,დაუშვებელია მისი მიღება ნებისმიერი სახით, ნებისმიერი პაციენტისათვის. არც ერთი სამედიცინო მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც დაუშვებს მის მიღებას, რადგან ეს დანამატები – პროტეინები იწვევენ კუნთის ხელოვნურად ზრდას და რაც სამწუხაროდ ფატალური შედეგებით სრულდება. მე პირადად, ჩემს მეგობარ კარდიოლოგებთან ერთად, ეს საკითხი არაერთხელ განმიხილავს და მინდა მოგახსენოთ, რომ 25 –დან 30 წლამდე ასაკის პაციენტებში არაერთი შემთხვევაა, როდესაც არის გულის სარქველების და მიოკარდიუმის პრობლემები, აქედან გამომდინარე, მისი მიღება სიკვდილითაც დასრულებულა სავარჯიშო მოედანზე – ამისი არაერთი მაგალითია მსოფლიოში და საქართველოშიც კი დაფიქსირდა ასეთი შემთხვევა. ამიტომ, ახალგაზრდებმა უნდა იცოდენ, რომ ამ ნივთიერების მიღება კატეგორიულად დაუშვებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები