„ნიკალას“ მფლობელი: ობიექტებს შორის, სადაც ვირის და ცხენის ხორცი აღმოჩნდა, ჩემი კაფე არ იყო

კაფე „ნიკალას“ მფლობელი ვლადიმერ სავანელი, ტელეკომპანია „რუსთავი 2″- სგან, ბოდიშის მოხდას ითხოვს.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში ვლადიმერ სავანელმა განაცხადა, საქმე ეხება, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ 12 ობიექტს, სადაც ვირისა და ცხენის ხორცი აღმოაჩინეს. „ნიკალას“ მფლობელი ამბობს, რომ აღნიშნულ 12 ობიექტში, მისი კაფე არ ფიქსირდებოდა, „რუსთავი 2“-ის სიუჟეტში კი სიტუაცია საპირისპიროდ წარმოჩინდა.
„ეს სიუჟეტი იყო არასწორი, სრულიად უპასუხისმგებლო და არ გამოვრიცხავ, მიზანმიმართულად პროვოცირებული. ამ ინფორმაციის გამო, მნიშვნელოვნად შეილახა ჩვენი იმიჯი, ასევე ჩემს მფლობელობაში არსებული საკმაოდ ავტორიტეტული, გორში მდებარე რესტორნის „ნიკალას“ საქმიანი რეპუტაცია.
საქმე ეხება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სხვადასხვა მწარმოებლისგან ამოღებულ ცხენისა და ვირის ხორცს. ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენ არც ერთი ამ პროდუქტის მწარმოებლები არ ვართ და საერთოდ არ წარმოვადგენთ მხარეს. შესაბამისად, ამ უწყების მიერ, ჩვენი კომპანია არც დაჯარიმებულა და არც არანაირი სანქცია არ მიგვიღია.
იქიდან გამომდინარე, რომ დაირღვა ჩვენი უფლებები, შეილახა კომპანია „ნიკალა გორის“ იმიჯი, ამ ეტაპზე „რუსთავი 2″ – სგან მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ სახელისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი დავაც დავიწყოთ“,- აღნიშნა ვლადიმერ სავანელმა.

როგორც სავანელმა, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მუშაობის პერიოდში რესტორანი რამდენჯერმეა შემოწმებული, თუმცა, ჯარიმა არ მიუღიათ.

„ჩვენ გადავამოწმეთ სურსათის უვნებლობის სია და იქ ჩვენი სახელი არსად წერია, პირადად არც ჩემი და არც ჩვენი კომპანიის სახელი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს იყო მიზანმიმართული, იმისთვის, რომ მომხდარიყო ჩვენი დისკრიმინაცია. სიუჟეტში მე ვჩანვარ თითქოს თავს ვიმართლებ, სულ სხვა რაღაცეები ვილაპარაკე და ის ამოჭრილია“,- აცხადებს სავანელი.

„ნიკალა გორის“ მეწილე ჯემალ მოთადელი ამბობს, რომ აღნიშნული სიუჟეტის გამო, კომპანიამ როგორც ფინანსურად, ისე მორალურად იზარალა. „უკვე მგონია, რომ ეს ყველაფერი ვიღაცის შეკვეთაა. იმ მედისაშუალებამ, რომელმაც გააკეთა ეს სიუჟეტი და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ კატლეტს და ვიყენებთ ვირის ხორცს, ხალხო, მთელი კახეთის ვირები არ მეყოფა მე მთელ სეზონზე, ძალიან დიდ ბოდიშს მოვუხდი კახელებს, დიდ პატივს ვცემ მათ. ამ სიუჟეტით მოგვაყენეს ძალიან დიდი შეურაცხყოფა. მორალურადაც და ფინანსურადაც ვიზარალეთ. ძალიან ბინძური სიუჟეტი იყო“,- აღნიშნა ჯემალ მოთადელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები