პრემიერი: 2018 წელს ვაპირებ, ვიმოგზაურო საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას და მოსახლეობასთან სპონტანურ შეხვედრებს გეგმავს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსაც მოუწოდა, რომ 2018 წელს რეგიონის მოსახლეობასთან ხშირი დიალოგი გამართონ.
„2017 წლის განმავლობაში იყო ძალიან დიდი გამოწვევები, არაერთი მძიმე წუთი და დღე გამოვიარეთ. ჩვენ ერთობლიობით, ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ამ გამოწვევების გადალახვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2018 წელსაც გავუმკლავდებით გამოწვევებს და საერთო ძალისხმევბით მივაღწევთ ერთობლივ წარმატებებსაც. 2018 წელი მე გამოვაცხადე, როგორც დიალოგის წელი და მე მინდა ყველა მინისტრს მოვუწოდო, რომ მათი დღის წესრიგის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტი იყოს დიალოგი ხალხთან, განსაკუთრებით, მხედველობაში მაქვს ჩვენი რეგიონები. მე პირადად ვაპირებ, რომ ძალიან ინტენსიურად ვიმოგზაურო მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს არ იქნება დაგეგმილი შეხვედრები. ეს იქნება სპონტანური, ჩვეულებრივი დიალოგი ადამიანებთან, რომლებიც არ იქნებიან ორგანიზებულად მოყვანილი ამისთვის. ამიტომ, ეს იქნება ღია, ძალიან გულწრფელი საუბარი პრობლემებზე, მისი მოგვარების გზებზე, მათი წინადადებების, პრობლემების მოსმენა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები