დეპუტატებსა და პარასპორტსმენებს შორის მეგობრული ტურნირი გაიმართა

საქართველოს პარლამენტის წევრებსა და პარასპორტსმენებს შორის სპორტის სხვადასხვა სახეობაში მეგობრული ტურნირი გაიმართა.

დეპუტატები და პარასპორტსმენები ერთმანეთს მჯდომარე ფრენბურთში, პარაკალათბურთსა და უსინათლოთა ფეხბურთში დაუპირისპირდნენ.

„იგივე ემოცია მეუფლება დღეს, როგორც სამი წლის წინ, როდესაც გადავწყვიტეთ, ჩაგვეტარებინა მასშტაბური ღონისძიება – „იურისტები პარაოლიმპიელების მხარდასაჭერად”. მაშინაც ეს ყველაფერი ემსახურებოდა პარაოლიმპიელების, ამ სპორტსმენების პოპულარიზაციას, მათი საქმიანობის, მათ მიერ სხვისთვის სტიმულის მიცემის პოპულარიზაციას. ყოველთვის ვამაყობ მათთან მეგობრობით”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ

დეპუტატმა რატი იონათამიშვილის თქმით, მიზანი პარაოლიმპიური მოძრაობის მეტი პოპულარიზაცია და მხარდაჭერაა.

„განსაკუთრებით მახარებს, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის და სორი მენეჯმენტის პირობებში, პარაოლიმპიური მოძრაობა ჩვენს ქვეყანაში ასე ვითარდება. ოთხი სპორტის სახეობიდან დღეს გვაქვს 15 პარასპორტის სახეობა. საქართველოს ისტორიაში პირველად, მოვიპოვეთ ზამთრის პარაოლიმპიადაზე მონაწილეობის უფლება. ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სულ უფრო მეტი პოპულარიზაცია და მხარდაჭერა პარაოლიმპიელებისა და პარაოლიმპიური მოძრაობის”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ. მიხეილ ყაველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარასპორტსმენების ძალისხმევა გადამდებია.

„ჩვენი გმირი პარასპორტსმენები პროფესიონალები არიან და მათი ძალისხმევა გადამდებია. ეს არის მიმართვა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისადმი – ბავშვებისა და მოზარდებისადმი, რომ ჯანსაღ ცხოვრებას და სპორტს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ, თითქმის ერთი წელია, ვთანამშრომლობთ, გვქონდა რამდენიმე ამ ტიპის ღონისძიება და ეს გაგრძელდება. მიზანია, რომ რაც შეიძლება, მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტში”,- განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის წევრებმა თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრიც დაათვალიერეს და ტურნირში მონაწილე გუნდები და ტიტულოვანი პარასპორტსმენები დააჯილდოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები