შსს: მასალიდან ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს

“მოქალაქე ზვიად რატიანი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მასთან მივიდა რამდენიმე პირი სამოქალაქო ფორმაში, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული მასალიდან ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცველები იყვნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმულები და მათ ზვიად რატიანი საპოლიციო კონტროლის ფარგლებში შეაჩერეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მასალიდან ასევე ჩანს, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს, რითაც მათ არ აძლევდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს აღნიშნული ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა, მაგრამ ამ დროისთვის არ მიიჩნევს სწორად, საჯაროდ გამოიტანოს უცენზურო გამონათქვამებით აღსავსე ჩანაწერი. თუმცა აღნიშნული მასალა, მტკიცებულების სახით, წარედგინება სასამართლოს. სურვილის შემთხვევაში, ზვიად რატიანსაც შეუძლია გაეცნოს, რათა მან ზუსტად აღიდგინოს მომხდარი.
ვიდეომასალაში აღბეჭდილ ფაქტთან დაკავშირებით, ზვიად რატიანის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მიუხედავად ამისა, სამართალდამცავების მიმართ, ზვიად რატიანის მიერ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს მოკვლევას. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში, როგორც მოქალაქის მხრიდან სამართალდარღვევის, ისე პოლიციელთა მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით“, -განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები